„ნუ ცდილობენ ზოგიერთები რეგიონში ვითარება დაძაბონ, ჩვენ მშვიდად ცხოვრება გვინდა“ – რა მოხდა ახალქალაქში

გუშინ, ახალქალაქში ბენზოგასამართ სადგურთან ორი ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ადგილობრივი საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებულს სახის არეში აქვს მიყენებული ტრავმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ძალადობას ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მომხდართან დაკავშირებით რეალობის გასარკვევად, „მედიაცენტრი მთავარი“  ადგილობრივებს დაუკავშირდა. როგორც ერთ-ერთმა გვიამბო, მომხდარის შესახებ გაიგო და გვითხა რომ მსგავსი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ახალქალაქში კი არა ყველგან ხდება, მეორემ კი დაგვიდასტურა მომხდარი ამბავი და იქვე დასძინა რომ ჩხუბი ნამდვილად იყო თუმცა ახალგაზრდები მაშინათვე შერიგდნენ და არ ღირს ამის გამო დიდი ხმაურის ატეხვა.

„ჩხუბი იყო, კი, როგორც გავიგე, ახალგაზრდებს შორის და მერე შერიგებულან. რა არის ამაში გასაკვირი, პირველად მოხდა და ჩხუბი და ისიც ახალქალაქში? თუ ცდილობთ, რომ ამბავი ატეხოთ ახლა ამაზე. ეს რთული რეგიონია და არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკასთან იყოს დაკავშირებული. არავის აინტერესებს ეს პოლიტიკა, ნუ ცდილობენ ზოგიერთები რეგიონში ვითარება დაძაბონ, ჩვენ მშვიდად ცხოვრება გვინდა“ – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.     

„მედიაცენტრი მთავარი“ შეეცადა, მეტი ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანისგან მიეღო. მართალია დეპუტატმა სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხა,  თუმცა კითხვები სმს შეტყობინებით გავუგზავნეთ, რომელზეც მოგვიანებით პასუხებიც მოგვწერა.

„მოკლედ გეტყვით, აქ ნებისმიერი პატარა ამბიდან,  ზოგიერთი პოლიტიკური ძალა დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს. მეტიც, ცდილობენ, ის რაც არ მოსწონთ მე დამაბრალონ, თუმცა მათ ავიწყდებათ რომ რეგიონში ურთულესი პერიოდიდან მოყოლებული სწორედ ჩვენი ოჯახი ცდილობდა ხალხის დასაქმებასა და დახმარებას, ახლაც ასეა. კიდევ კარგი, ამ დაპირისპირების არცერთი მხარე ჩემი ნათესავი არ არის. როგორც გავარკვიე, ორმა ახალგაზრდამ იჩხუბა და რამდენადაც გავარკვიე შერიგდნენ კიდეც. ზოგადად კი ჯავახეთში სიმშვიდეა და ყველა ერთად ვცდილობთ ვირუსს გავუმკლავდეთ. “

მსგავსი თემები