“საქართველო უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე გავლილი არ არის” – კელი დეგნანი

  •  

“ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ექიმების, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე გავლილი არ არის”, – ამის შესახებ საქართველში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ელჩმა ვიდეოგზავნილში „კოვიდ-19“-ის საპასუხოდ აშშ-ის ახალი მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

„მოგესალმებით სახლიდან. დღეს მე დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ, რათა შევასრულო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაციები სოციალური დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. ახალი ამბები, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა, იმედისმომცველია. ვიცი, რომ ყველა მოუთმენლად ველოდებით, სრული დატვირთვით შევუდგეთ მუშაობას. რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება.

უაღრესად მადლიერი ვართ ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ექიმების, მკვლევრებისა და საქართველოს მთავრობის. მათმა პრაქტიულმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე გავლილი არ არის. როგორც ექიმმა გამყრელიძემ თქვა, ჩვენ ჯერ არ დაგვიმარცხებია „კოვიდ 19“. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და მივიღოთ სიფრთხილის აუცილებელი ზომები ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.

ამ რეაგირების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღემდე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველეყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან თემებს პანდემიასთან გამკლავებაში. აქ, საქართველოში საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები