“მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება” – მარიამ ქვრივიშვილი

“საქართველოს, ტურიზმის გახსნის შემდეგ არათუ გაუჭირდება უსაფრთხოების წესების დაკმაყოფილება, არამედ, ჩვენ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში” – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კარანტინების პროექტის მიმდინარეობისას, ორი თვის წინ შეიქმნა უმკაცრესი გაიდლაინები, რაზეც იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ და ტურიზმის სექტორი ორი თვეა ამ წესებით მოქმედებს.

„საქართველოს არათუ გაუჭირდება ამ წესების დაკმაყოფილება, ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში. კარანტინების პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ ორი თვის წინ შეიქმნა უმკაცრესი გაიდლაინები, რაზეც იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ და ჩვენ ორი თვეა ამის აღსრულებას ვაკეთებთ. მაშინ, როდესაც ყველა სხვა ქვეყანა ახლა ფიქრობს ამ გაიდლაინებზე და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც ახლა მუშაობს. შესაბამისად, ჩვენი პრაქტიკაში დანერგილი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე ჩაგვრთო მსოფლიო ანტიკრიზისული ქვეყნების ჯგუფში, სადაც მიდის მსოფლიო ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა და იქ არის საქართველო განხილული, როგორც წარმატებული ისტორია, არა მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობაში, არამედ ინდუსტრიის მზაობაში, რომ ჩვენ უკვე დანერგილი გვაქვს და ვიცით ეს გაიდლაინები. შესაბამისად, მოლოდინები ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამნერგავი ქვეყანა, თუმცა დარწმუნებულები ვართ და ვიცით, რომ არაფერი განსხვავებული იმისგან არ იქნება, რასაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ საკარანტინე სივრცეებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, მათთვის, ვინც კარანტინების პროგრამაში არ იყო ჩართული, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას შექმნის, რათა შექმნილი გაიდლაინების ქართულ რეალობაზე სწრაფად ადაპტირება მოხდეს.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ინდუსტრია ძალიან დიდია და მრავალპროფილურია, სახელმწიფო აუცილებლად გააკეთებს მხარდაჭერის პროგრამას, გიდებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის, ტრანსპორტისთვის და კვებისთვის, რომ შექმნილი გაიდლაინები იქნას ძალიან სწრაფად ადაპტირებული ქართულ რეალობაზე, ვგულისხმობ მათ, ვინც კარანტინების პროგრამაში არ იყო ჩართული და ძალიან სწრაფად დაინერგოს, იმისთვის, რომ 15 ივნისიდან და 1 ივლისიდან ბევრ ობიექტს ჰქონდეს საშუალება, რომ ისევ ჩაერთოს ტურიზმის ინდუსტრიაში, მკაცრი გაიდლაინებით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი თემები