თალაკვაძე კუბილიუსის წერილს, წერილით პასუხობს

როგორ გამოეხმაურა მმართველი პარტია კობილიუსის წერილს. პარმანეტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ევრო დეპუტატს წერილი გაუგზავნა.

კუბილიუსისთვის გაგზავნილ წერილში არჩილ თალაკვაძე შეშფოთებას გამოხატავს ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მისი წერილი საქართველოს მხარის მიერ აღიქმება, როგორც მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე მის მიერ გაგზავნილ წერილში ირწმუნება, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ და ასევე, ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს.

„ძვირფასო ბატონო კუბილიუს, უპირველეს ყოვლისა, გაცნობებთ, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება COVID-19 ვირუსით გამოწვეულ პანდემიას. მთავრობა, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები და წინა ხაზზე მყოფი სხვა პროფესიონალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანებული არიან და მუხლჩაუხრელად შრომობენ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას პანდემიით დაზარალებული ერების მიმართ.

მადლობელი ვართ თქვენი განსაკუთრებული ინტერესისთვის საქართველოში მიმდინარე იმ პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რომლებიც აღნიშნულია თქვენს 2020 წლის 6 მაისის წერილში.

8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება მართლაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დინამიური პოლიტიკური გარემოს საფუძვლების კიდევ უფრო გამყარებისთვის, განსაკუთრებით მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ გულწრფელად მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის. ხელმოწერიდან მალევე, ჩვენ დავაინიცირეთ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ასახავდა ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს. ამას გარდა, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტიც. საქართველოს პარლამენტი მას განიხილავს და მიიღებს მიმდინარე სესიის განმავლობაში. სწორედ ეს ნაბიჯები გამოხატავს ჩვენს მტკიცე ნებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს მისი ტექსტის შესაბამისად.

შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ.

არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი (გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ ურთიერთგაგების მემორანდუმი და ერთობლივი განცხადება). როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი.

მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატო მზადყოფნა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროპაში დემოკრატიისა და საპარლამენტო განზომილების გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ჩართულობასა და მხარდაჭერას.

ბატონო თანათავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.

პატივისცემით, არჩილ თალაკვაძე,“ – ნათქვამია წერილში, რომელიც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თალაკვაძემ კუბილიუსს გუშინ გაუგზავნა.

მსგავსი თემები