“ვადასტურებ მზაობას, რომ ცხინვალის რეგიონში ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს დავეხმარებით” – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ცხინვალის რეგიონში.

„ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებული პირების შესახებ, რაც არ არის მოულოდნელობა. არც ის არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას.

მინდა იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს.

ადგილზე იცით, რომ წვდომა არის შეზღუდული. ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს ეს წვდომა და ახლა მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენ ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება.

გარდა ამისა, დამატებითი შემზღუდავი ზომები, რომელიც დაანონსდა როკზე, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოაქცევს მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაშია.

არის კიდევ ერთი ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეის მდგომარეობითაც, ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც არამხოლოდ უკანონო ძალის დემონსტრირებას ახდენს, არამედ ქმნის ძალიან რეალურ საფრთხეს ინფექციის გავრცელების და მინდა ვთხოვო მოსახლეობას და მოვუწოდო, რომ დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ამ რთულ პერიოდში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან. გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი თემები