ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში ხვალიდან შეზღუდვების შემსუბუქებისა და მოხსნის შესაძლებლობა იქნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ბევრი სასტუმრო, განთავსების ობიექტი, საქართველოს მთავრობის ტურიზმის ხელშეწყობის გეგმის შესაბამისად, შეღავათებით ისარგებლებს.

„საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ტურიზმის ხელშეწყობის გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად, ძალიან ბევრი სასტუმრო,განთავსების ობიექტი, მათ შორის აჭარაში ისარგებლებს ამ შეღავათებით.

ეს არის მიზნობრივი მხარდაჭერის, დახმარების პროგრამა და დარწმუნებული ვართ, ის კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს უკვე 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის აღდგენას და შემდეგ უკვე პირველი ივლისისთვის საერთაშორისო ვიზიტორების, მოგზაურების მიღებას,  საშუალებას მისცემს ჩვენს ტურიზმის ინდუსტრიას, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში შეძლონ, მათ მიიღონ უკვე ტურისტები და მიიღონ შემოსავლები, რომელიც მნიშვნელოვანია მათი სწორი, მდგრადი განვითარებისთვის.

რა თქმა უნდა ამისთვის დიდი მადლობა მთავრობას, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს და მთლიანად გუნდს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში შეზღუდვების მოხსნისა და შემსუბუქების საშუალებას იძლევა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირაა, ჩვენ უკვე არ გვიფიქსირდება არც ერთი დაინფიცირების შემთხვევა და ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება. ამიტომ ჩვენ უკვე ხვალიდან პრაქტიკულად მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში. რაც შეეხება სასტუმროებს გარდა იმ ხელშეწყობის ღონისძიებისა,რა თქმა უნდა, დანაწესები იქნება, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანდაცვის რეკომენდაციების ასევე უსაფრთხოების გათვალისწინება. და ამ კუთხით სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო სექტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული, რომ ეს სტანდარტები გაითვალისწინონ როგორც შიდა კონკურენციის ნაწილში,იგივე სასტუმროებში, ასევე გლობალური კონკურენციის ნაწილში მაქსიმალურად დაინერერგოს უსაფრთხოების სტანდარტები“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა. 

მსგავსი თემები