კარანტინის იდეის ავტორმა, კარანტინი დაარღვია

  •  

ბრიტანელმა პროფესორმა, რომლის რეკომენდაციითაც დიდ ბრიტანეთში მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს, კარანტინი თავად დაარღვია. ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია ეპიდემიოლოგ ნილ ფერგიუსონზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან მოქმედი საბჭოს წევრი იყო. როგორც „დეილი ტელეგრაფმა“ დაადგინა, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში პროფესორთან სულ მცირე ორჯერ იმყოფებოდა მეგობარი ქალი.

მომხდარის გამო ფერგიუსონმა საბჭო დატოვა. სკოტლანდ იარდში პროფესორის საქციელს „სამწუხარო“ უწოდეს, თუმცა ჯარიმის გამოწერაზე უარი თქვეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ფერგიუსონის მიერ მთავრობასთან მოქმედი საბჭოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას „სწორი ნაბიჯი“ უწოდა.

ფერგიუსონი თავადაც იყო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული. თავის განცხადებაში პროფესორმა ბოდიში მოიხადა.

„მე ვიხელმძღვანელე იმით, რომ ტესტის დადებითი შედეგის შემდეგ ორი კვირა სახლში, მკაცრ კარანტინში გავატარე და იმუნიტეტი მქონდა“, – წერს პროფესორი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, არსებობს თუ არა კორონავირუსით მეორედ ინფიცირების შესაძლებლობა, ჯერ უცნობია.

მსგავსი თემები