“არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ვირუსი ლაბორატორიაში წარმოიშვა” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს უდავო ფაქტები არ აქვს კორონავირუსის პანდემიის წარმოშობასთან დაკავშირებით, თუმცა შესაძლოა, რომ ვირუსის გავრცელება უხანის ლაბორატორიაში დაიწყო.

„უდავო ფაქტები არ გვაქვს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ვირუსი ლაბორატორიაში წარმოიშვა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

6 მაისს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, თუ სად წარმოიშვა კორონავირუსი.

„მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსს ბუნებრივი წარმოშობა აქვს, რომ ის ადამიანის მიერ შექმნილი არ იყო. იყო თუ არა მისი გავრცელება შემთხვევითი? მოხვდა თუ არა ვირუსი გარემოში ბუნებრივი გზით თუ მიზანმიმართულად? ჩვენ არ გვაქვს უდავო მტკიცებულებები რომელიმე ვერსიის სასარგებლოდ. რაც შეეხება ადგილს, გაჩნდა თუ არა ვირუსი უხანის ლაბორატორიაში თუ ბაზრობაზე, ჩვენ ეს არ ვიცით“, – განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.

5 მაისს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ უარყო ვერსია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსი ჩინეთში, უხანის ლაბორატორიაში წარმოიშვა.

„საუკეთესო მტკიცებულება ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ჩინეთში ლაბორატორიაში არ შექმნილა. ვირუსის ევოლუცია იმაზე მიანიშნებს, რომ ის ბუნებრივად განვითარდა“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აშშ დეტალურ ინფორმაციას წარადგენს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ.

3 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში გაჩენის მტკიცებულება არსებობს.

„უზარმაზარი მტკიცებულება არსებობს, რომ ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო“, – განაცხადა პომპეომ, თუმცა ჩინეთის ხელისუფლების ვირუსთან გამკლავების კრიტიკის მიუხედავად არ უთქვამს, ვირუსმა ლაბორატორიაში შემთხვევით გაჟონა თუ არა.

მსგავსი თემები