“ჩვენ დაე სოფლად ვართ აქა. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისთვის“ – პატრიარქი

კათოლიკოს-პაქტრიარქმა, ილია მეორემ გიორგობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ქადაგებისას კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„გილოცავთ გიორგობას. ეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული. ეს არის მფარველი საქართველოსი. ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში, რადგან მამაჩემს ერქვა გიორგი. ეკლესიიდან ამოჰყავდა მათხოვრები, პირველი მაგიდა იშლებოდა მათხოვრებისთვის. ჩვენ ვსხდებოდით მათხოვრებთან ერთად და ავღნიშნავდით გიორგობას. დიდი ზეიმი იყო. იმედის დღესასწაულია“, – განაცხადა ილია მეორემ.

მისი თქმით, მსოფლიო განიცდის დღეს შექმნილ ვითარებას.

„მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები და მონასტრები. ხალხი იძულებულია, წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ დაე სოფლად ვართ აქა. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისთვის“, – აღნიშნა ილია მეორემ.

ილია მეორის თქმით, კორონავირუსი და პანდემიის გამო შექმნილი ვითარება არის გაფრთხილება.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს მიმართა, ნაკურთხი წყალი და საკმეველი ყოველდღიურად გამოიყენონ.

„ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი, ყოველდღიურად უნდა დააკმიოთ, ​აშხუროთ თქვენს სახლსა და კარმიდამოს. ეს დიდი ძალას მოგცემთ. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი“, -აღნიშნა ილია მეორემ.

მსგავსი თემები