ბავშვები სკოლის გარეშე რჩებიან, კერძო სკოლები ემუქრებიან, საჯაროში კი ადგილები არ არის   

  •  

კერძო სკოლების მშობლების ნაწილი თანხას ვერ იხდის, სკოლის ადმინისტრაცია კი მათ სწავლის საფასურის დაუყოვნებლივ დაფარვას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებიან, რომ სკოლაში მათი შვილი არ დაიშვება. „მედიაცენტრ მთავარს“ მსგავსი პრობლემით არაერთი მშობელი დაუკავშირდა. ისინი მოსწავლის საჯარო სკოლაში გადაყვანას ფიქრობენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ადგილები არსად არის და ბავშვის დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

მშობელი 1: „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბავშვის სწავლის საფასური ვერ გადავიხადე. სამსახურის გარეშე შეუძლებელია სწავლის საფასური გადახდა სკოლის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დამირეკა და თანხის სასწრაფოდ გადახდა მოითხოვა, ვუთხარი, რომ ვერ ვახერხებ ამ ეტაპზე. მითხრეს რომ ეს მათი პრობლემა არ არის, ჰყავთ მოსწავლეები რომელთაც მათ სკოლაში უნდათ გადმოსვლა და თუ დაუყოვნებლივ არ დაიფარება სწავლის საფასური, ჩემ შვილი ვერ გააგრძელებს სწავლას. სხვა გამოსავალი არ მაქვს, საჯარო სკოლაში უნდა გადავიყვანო ბავშვი, თუმცა, სკოლებში ადგილები არ არის, ვერსად ვარეგისტრირებ. განათლების სამინისტროსაც მივწერე და დაველოდები რას იზამენ.“   

მშობელი 2: “სკოლამ წერილი მოგვწერა, სასწრაფოდ გადავიხადოთ გადასახადი. რაც შეეხება შეღავათს, 50 ლარს გვიკლებენ. ჩვენ სკოლასთან კონტრაქტი გავაფორმეთ იმაზე, რომ ბავშვებს სკოლაში უნდა ევლოთ და სახლში არ უნდა მჯდარიყვნენ და ამაში თანხას ვიხდიდით. ახლა, ბავშვები სახლში ზიან, მშობლების ყველანაირი ხარჯი და დატვირთვა გაიზარდა და ამაში სკოლა 50 ლარს მიკლებს, ეს ნორმალურია? სად არის სახელმწიფო, სად არის სისტემა?”       

აღნიშნული შინაარსის არაერთი შეტყობინება მივიღეთ. პანდემიის პერიოდში. „მედიაცენტრი მთავარი“ აქტიურად აშუქებს კორძო სკოლის მოსწავლეთა პრობლემებს, თუმცა, შესაბამისი უწყებიდან, ამ დრომდე ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.        

გარდა არსებული პრობლემისა, კერძო სკოლები მოსწავლეებისგან მომავალი წლის საფასურის (მინიმუმ 10%-ის) ავანსად გადახდასაც ითხოვენ. იმ ფონზე, როცა არსებული დავალიანების გადახდას ვერ ახერხებენ მშობლები, საკმაოდ გაიზრდება იმათი რაოდენობა, ვისაც საჯარო სკოლებში მოუწევს ბავშვის გადაყვანა, თუმცა, რამდენად შეუძლიათ და მზად არიან საჯარო სკოლები ახალი მოსწავლეების მისაღებად, ამ კითხვაზე პასუხს განათლების სამინისტროსგან თითქმის 2 კვირაა ველოდებით. 

მსგავსი თემები