“გვაპატიეთ, რომ ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ უნდა დავიცვათ წესები” – ამირან გამყრელიძე

“დათბა დღეს და ყველას გვინდა გარეთ გასვლა, სიარული, ისევ ჯგუფურად შეკრება, მაგრამ ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, გავიჭირვოთ და თავი შევიკავოთ, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქკონფერენციისას განაცხადა.

„ამიტომ, ჩვენ ვერ მოვიგონებთ ახალს. გვაპატიეთ, რომ ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ უნდა დავიცვათ ეს წესები. კარგ ამინდში არავინ ხელს არ უშლის არავის, რომ გამობრძანდნენ გარეთ და იარონ, მაგრამ ნუ ვივლით 5-5 და 10-10 ერთად, ვიაროთ და დავიცვათ ეს დისტანცია. თუ ვართ სადმე პარკში, გვქონდეს დისტანცია და შესაბამისი ღონისძიებები დაცული. თუ შევდივართ დახურულ შენობაში ან იგივე გარეთ ვართ შეჯგუფებული 3-4 ადამიანი, გვეკეთოს ნიღაბი. დაგვჭირდება, დაგვჭირდება კარგა ხანს ნიღბის ხმარება, დაგვჭირდება დიდ კონგრესებზე და დიდ კონფერენციებზე უარის თქმა.

ძალიან მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი, ხშირად დავდიოდი, ახლა ვეღარ დავდივარ ხშირად. სამწუხაროდ, დაგვჭირდება თავის არიდება დიდი თავშეყრის ადგილებზე სიარულის, დაგვჭირდება სამწუხაროდ დიდი ქორწილების გადადება, დაგვჭირდება ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ რაც ქართველებს გვაქვს ტრადიცია, დიდი ჭირის სუფრის ვერ გადახდა – მიმძიმს ამ თემებზე საუბარი, მაგრამ საჭიროა ეს, რადგან დამიჯერეთ, რომ კორონამ სამყარო შეარყია. როგორც მეტეორიტმა, ტუნგუსკის აფეთქება ალბათ გაგიგიათ ხომ, რომელმაც შეარყია გარკვეულად სამყარო დედამიწა, მეტეორივით არის ახლა ეს კორონა სამყაროსთვის. უზარმაზარი ძვრა გაკეთდა. მედიცინაში კი არა, მთლიანად, სახელმწიფოების ურთიერთობაში, ადამიანთა ურთიერთობაში, სოციალურ ყოფაში, განათლებაში, კულტურაში იდეოლოგიებში, არ ვიცი, ყველაფერში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები