საზამთროსა და ნესვში აღმოჩენილი ნიტრიტები და ნიტრატები დაშვებულ ნორმას აღემატება – ეკოლოგი

​გაეროს ექსპერტის, ეკოტოქსიკოლოგ ხათუნა ახალაიას განცხადებით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,  სეზონურ ხილში, კერძოდ, საზამთროსა და ნესვის შემადგენლობაში, დაშვებულ ნორმაზე 3-4 -ჯერ მეტი ნიტრატები და ნიტრიტებია აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არანაირი პროგრესი არ ხდება ფერმერულ მეურნეობაში, იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უნდა აწარმოონ ფერმერებმა ასეთი ტიპის პროდუქტები.

როგორც ხათუნა ახალაიამ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ძალიან რთულია ვიზუალურად ნიტრიტებისა და ნიტრატების გაკონტროლება, ამიტომ უმჯობესია მომხმარებელმა ასეთი პროდუქტი ხარისხის კონტროლირებად მაღაზიებში და ბაზარში შეიძინონ, ვიდრე ქუჩაში ღია ბაზრობებზე.

ფერმერულმა მეურნეობებმა თავადვე უნდა იფიქრონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამკაცრდეს ფიტოსანიტარული და სანიტარული ნორმები. მოეთხოვოს მათ საერთაშორისო სტანდატრების დაცვა, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქტის კონტროლს თესლიდან თეფშამდე.

მისივე თქმით, შსს-მ უნდა აკრძალოს ქუჩაში ღია პროდუქტის გაყიდვა. მზის მცხუნვარების ფონზე, გახურებული ასფალტიდან ატყორცნილი ნივთიერება შესაძლოა გავლენას ახდენდეს საზამთროზე. ქუჩაში ხშირად იჭრება გაურეცხავი საზამთრო და ბინძურდება პროდუქტის შიგთავსი. აქ შესაძლოა საქმე გვქონდეს მიკრობიოლოგიურ დაბინძურებასთან. ​

​​ბაღჩეული კულტურები, როგორი არის ნესვი და საზამთრო ძირითადად გამოიყენება დაბინძურებული მიწის გადასწმენდად. ძალიან მარტივად ითვისებს აბსოლუტურად ყველაფერს ნიადაგიდან, შესაბამისად, ნიადაგის აგროტექნოლოგიური დამუშავებისას, მინერალური სასუქების არასწორი გამოყენების დროს, ის აბსოლუტურად ღრუბელივით ისრუტავს ზედმეტ ჭარბ მინერალურ სასუქებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის მავნებელი. ჰემოგლობინი, რომელიც არის ჟანგბადის გადამტანი, როგორც კი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებ ადამიანი ჟანგბადი ნაცვლდება ნიტრიტებით. იწვევს ანემიას, რაც არის იმუნური სისტემის დაქვეითების წყარო”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მსგავსი თემები