პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

  •  

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რომელიც დღეიდან განხორციელდა. მათ შორისაა ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება, ასევე მშენებლობასა და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების ფუნქციონირების განახლება.

სხდომაზე, აღინიშნა, რომ ბათუმსა და ქუთაისში შესვლა, ისევე, როგორც ამ ქალაქებიდან გასვლა შესაძლებელია თავისუფლად, თუმცა ადგილზე რჩება სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ამასთანავე, აღინიშნა, რომ აქტიურად გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმ ობიექტებზე, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მიეცათ.

 ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, ხოლო ის ობიექტები, რომლებსაც სათანადო უსაფრთხოების წესები უზრუნველყოფილი არ აქვთ, მუშაობის განახლების უფლების მიღებამდე დამატებით შემოწმდებიან.

მსგავსი თემები