“ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვემსახუროთ ქვეყანას, ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ მუშაობა” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა მედპერსონალის ინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.

„რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, კლინიკის სიტუაციასთან დაკავშირებით და მედპერსონალთა ინფიცირების შესახებ, მინდა, გითხრათ,რომ მე ამ წუთში გახლავართ კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ მოწოდებით ვარ ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას. ეთიკა ეს არის პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული, თუ არაინფიცირებული, მას უფლება აქვს, ილაპარაკოს მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მე, როგორც ექიმს, არანაირი უფლება არ გამაჩნია, პაციენტის იდენტიფიკაციაზე და მის კომპეტენციაზე ვისაუბრიო.

თუ პაციენტებმა გადაწყვიტეს კონტაქტზე გასვლა ნებისმიერ ტელევიზიასთან , ნებისმიერ საინფორმაციო წყაროსთან, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ პასუხს იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ინფიცირებული, მათი იდენტიფიცირება მოვახდინო“, – განაცხადა რატიანმა.

რატიანმა განაცხადა, რომ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა დამალული არ არის.

„ყველა შემთხვევა კლინიკურ-ლაბორატორიული, რომელიც ტარდება „კოვიდ-19“-ის შესახებ, იტვირთება რამდენიმე პორტალზე, სადაც მითითებულია და იდენტიფიცირებულია ნებისმიერი პაციენტი. ანუ, აღნიშნულიდან გამომდინარე, მე ვიხსნი პასუხისმგებლობას, როგორც მკურნალი ექიმი, და ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა გადადის ჩემზე მაღლა მდგომ ინტანციებზე“,- აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, რატიანმა ისაუბრა მედპერსონალის პირადი დაცვის საშუალებებზე და განაცხადა, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედპერსონალი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს აბსოლუტურად ითვალისწინებს, თუმცა არავინაა დაზღვეული, რომ ვირუსი არ შეხვდება.

„რაც შეეხება პირად აღჭურვას, მინდა, გითხრათ, რომ ჩემი მედპერსონალი, განსაკუთრებით ჩემს კლინიკაში ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი და რა ეტაპზე რა უნდა განვახორციელოთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვირუსს, რომელსაც ამ და ნებისმიერ კლინიკაში ებრძვიან ექიმები და მედპერსონალი, არც ერთი არ ვართ დაზღვეული, არც მე მათ შორის, რომ არ დავინფიცირდებით, რომ არ დავმძიმდებით, არ გადავალთ რეანიმაციაში და რომ არ დამთავრდება ჩვენი სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ვემსახუროთ ქვეყანას. ძალიან გთხოვთ, ნებისმიერ მათგანს გვაცადეთ მუშაობა, ჩვენ თქვენ გემსახურებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები