ბრიტანეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ეხმარება

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარით დაეხმარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით შეძენილი ნივთები დიდი ბრიტანეთს თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ენტონი ბრუმველმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ლაზარეთს პირადად გადასცა. მან თავდაცვის სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე და თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე დაესწრნენ. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ბრიტანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ხელთათმანები, პირბადეები, თერმომეტრები და სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია შეიძინა.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარში ამოვუდგეთ საქართველოს თავდაცვის ძალებს და დავეხმაროთ მათ პერსონალური დამცავი საშუალებებით, რაც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვან თავი იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულებისას, როგორიცაა საქართველოს მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების კონტროლი. მეამაყება, რომ ჩვენ ეს ერთად შევძელით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი და საქართველო ერთმანეთის მხარდამხარ მუშაობენ და ერთობლივი თანამშრომლობით რისკების შემცირებას უწყობენ ხელს. დიდი ხანია, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი ყველა საქმიანობის ამოსავალი წერტილია. დღევანდელი ღონისძიებაც ამ თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი ბრუმველი.​

მსგავსი თემები