“გაფრთხილებთ, ეს არის ჩუმი სიკვდილი“. ვირუსის დადასტურებამდე ეკლესიშიც ვიყავი, მაღაზიაში, ეზოშიც“ – ლიფტში დაინფიცირებული ოჯახის გაფრთხილება

„კოვიდ 19“-ის კიდევ ერთი, 83 წლის მსხვერპლი 2 დღის უკან დაკრძალეს.  ვირუსმა, 3 კვირაში, ერთი ოჯახის ერთი წევრი იმსხვერპლა, 2  წევრი  ვირუსს დღემდე ებრძვის, ერთი კი მკურნალობას სახლში აგრძელებს. იმისათვის რომ, კიდევ უფრო მეტად გაფრთხილდეთ, „მედიაცენტრი მთავარი“ გაგაცნობთ ლიფტის ღილაკებით დაინფიცირებული ოჯახის უმძიმეს ისტორიას.  

მედიაცენტრი მთავარი:“ ქალბატონო რუსუდან, მძიმე მოსასმენია თქვენი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, გისამძიმრებთ და ოჯახის დანარჩენ წევრებს გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მოსახლეობის მეტად ინფორმირებისთვის და პრევენციისთვის, მოგვიყევით ამბავი…  

რუსუდან გვანცელაძე: გამოვიარე სიკვდილი, ჩუმი სიკვდილი, რომელსაც ელოდები როგორ გიახლოვდება და უცებ, როგორ დაგახრჩობს.  ჩემი ოჯახიდან დაინფიცირდა 4 ადამიანი. 2 დღეს გამოწერეს, მკურნალობას სახლში გავდივარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვარ, სუსტად ვარ, ვერ ჩავჯექი რიტმში და ჯერჯერობით ვერ ვუბრუნდები ძველ ცხოვრებას. ამ დროისთვის, მართალია, ჩემს ორგანიზმში ინფექცია არ არის, თუმცა, მე გამოვიარე სიკვდილი, ჩუმი სიკვდილი, რომელსაც ელოდები როგორ გიახლოვდება და უცებ, როგორ დაგახრჩობს.  

მედიაცენტრი მთავარი:“ სიმფტომებზემოგვიყევით, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, რა იყო ის პირველადი ნიშნები, რის გამოც კლინიკაში აღმოჩნდით?

რუსუდან გვანცელაძე: ჩემი დგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ურთულესი და არავინ ფიქრობდა რომ გამოვძვრებოდი. უმძიმეს პაციენტად ვითვლებოდი კლინიკაში, ეს იყო ექიმების შეფასება. 2 კვირა მართვით სუნთქვის აპარატზე ვიყავი მიერთებული. სუნთქვის უკმარისობა მქონდა. ძალიან ცუდი გრძნობაა, სიკვდილს ვებრძოდი, ვხედავდი, როგორ მომიახლოვდა სიკვდილი. გიჭერს, სუნთქვის შესაძლებლობას აგ გაძლევს და გახრჩობს.

მედიაცენტრი მთავარი:“ ამასთანავე, თქვენი შვილიც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო, დაც და მამაც არა?

რუსუდან გვანცელაძე: საშინელება იყო. ვიტანჯებოდი სიკვდილთან ბრძოლით და თან, წინ შვილი მეწვა, გვერდით ჩემი უფროსი და, 83 წლის მამა კი რეანიმაციაში. მამა ურთულესი პაციენტი იყო და იცით, რომ შედეგიც, სიკვდილობა დადგა. მამის შემდეგ კი მე ვიყავი ურთულესი პაციენტი, ასე თვლიდნენ ინფექციონისტები.

მედიაცენტრი მთავარი:“ ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ, როგორ დაგეწყოთ ვირუსი, რა იყო პირველადი გამოვლინება, ეს მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომ მეტად გაფრთხილდნენ….

რუსუდან გვანცელაძე: არავითარი სიმფტომი არ მქონდა, უსიმპტომო პაციენტი ვიყავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოდნავ, ყნოსვის შეგრძნება დავკარგე, თუმცა, ამისთვის ყურადღება მიმიქცევია, რადგან სეზონს დავაბრალე. სხვა ყველაფერი კარგად იყო და სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობდი თავს.        

მედიაცენტრი მთავარი:“ თუმცა, თქვენი ოჯახიდან კლინიკაში პირველი 83 წლის მამა მოხვდა. მას რა გამოვლინება ჰქონდა და როგორ მიხვდით, რომ ჩარევა იყო საჭირო?

რუსუდან გვანცელაძე: მამას ამცივნებდა. სიცხე არ ჰქონია, არც სხვა გამოვლინება ან რაიმე საეჭვო ნიშანი.

მედიაცენტრი მთავარი:“ ვირუსი საიდან მოხვდა თქვენს ოჯახში, რა გამოიკვეთა?

რუსუდან გვანცელაძე: ძალიან ძნელი სათქმელია. რთულია ვინმე დაადანაშაულო და მიუთითო, რომ ვირუსის მისგან გადაგედო, მიუხედავად გარკვეული ნიშნებისა. არ ვიცი ვისგან გადამედო, თუმცა… ხელს ასე ვერავის დაადებ. ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, გარეთ მარტო მე დავდიოდი პროდუქტებზე, მამაც და ჩემი შვილიც სახლში იყვნენ. ტაძარშიც მივდიოდი კვირას, მაგრამ იქ წირვა გარეთ ტარდებოდა. დავდიოდი უბნის მაღაზიაში და რადგანაც მაღალ სართულზე ვარ, ლიფტით მიწევდა სარგებლობა და სწორედ აქედან მოხდა სავარაუდოდ დაინფიცირება.

მედიაცენტრი მთავარი:“ ფიქრობთ, რომ ვირუსის ლიფტის ღილაკებიდანგადაგედოთ მთელ ოჯახს?

რუსუდან გვანცელაძე: დიახ, ჩვენს სადარბაზოში ოჯახის დაინფიცირება რომ დაფიქსირდა, შემეშინდა სხვებსაც რომ არ გადმოგვდებოდა. ამიტომ მთელი ლიფტის და სადარბაზოს დეზინფექცია მოვახდინე, თუმცა, ამან არ გვიშველა.

მედიაცენტრი მთავარი:“  თუ მამა სახლში იყო და გარეთ არ გადიოდა, ვირუსი თქვენ მიიტანეთ ოჯახში?

რუსუდან გვანცელაძე: გეტყვით იმას, რომ როცა სიცივე დაეწყო, ვურჩიე ჩაწოლილიყო. მეორე დღეს ცოტა სუსტად იყო. სიცხე არ ჰქონდა. ცოტა მძიმედ სუნთქავდა. დავრეკე სასწრაფოში, შემდეგ ოჯახის ექიმთან. ოჯახი ექიმმა მითხრა, ბინაზე არ დავდივართო და „პარაცეტამოლი“ მიეციო. რომ მივეცი წამალი, სიცხე ავარდა. ისევ სასწრაფოში დავრეკე, რომ შევაწუხე, მითხრეს მოვალთ და გადავიყვანთო. მოვიდნენ და გადაიყვანეს. მეორე დღეს, რომ დავრეკე კლინიკაში, მითხრეს, „კორონავირუსი“ დადასტურდაო.

მედიაცენტრი მთავარი:“ მამას რომ ვირუსი დაუდასტურდა, გამოკვლევები თქვენ, ოჯახის დანარჩენ წევრებს არ ჩაგიტარდათ?

რუსუდან გვანცელაძე: ოჯახში ვცხოვრობდით 83 წლის მამა, ჩემი 18 წლის შვილი, რომელიც სტიქაროსანია, ჩემი 53 წლის და და მე. მამის ინფიცირების შესახებ რომ გავიგეთ, საშინელი პანიკა დაგვეწყო, ძალიან შევშინდით, დიდი რისკი იყო, რომ ჩვენს ვირუსის მატარებლები ვყოფილიყავით. დავიწყე სასწრაფოში რეკვა, მკითხეს სიმფტომები თუ გვქონდა რამე, ვუთხარით, რომ არაფერი გვაწუხებდა. გვირჩიეს, სახლში დარჩენა. ვიჯექით სახლში. ვერაფრით მოვისვენე შინაგანად, მერე „ლუგარის“ ლაბორატორიაში დავრეკე და მათ ჯგუფი გამოუშვეს ჩვენთან. ოჯახის ყველა წევრი გადაგვიყვანეს და ვირუსი დაახლოებით 3 საათში დაგვიდასტურდა.

მედიაცენტრი მთავარი:“ ამ პერიოდში, სანამ ვირუსი დადასტურდებოდა და თქვენ არაფერი იცოდით, კონტაქტი არ ჰქონდათ სხვებთან?

რუსუდან გვანცელაძე: როგორ არა. მამას რომ წავყევი კლინიკაში, იქიდან ხომ გამომიშვეს, უკან ტაქსით დავბრუნდი და ამ დროს მე უკვე დაინფიცირებული ვიყავი, საღამოს ეზოშიც ვიყავი, ეკლესიაშიც, მაღაზიაშიც.    

მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენ მკურნალობას სახლში აგრძელებთ, ოჯახის სხვა წევრები კლინიკაში არიან, როგორია მათი მდგომარეობა?

რუსუდან გვანცელაძე: იცით, რომ მამა უკვე დავკრძალეთ, ჩემი შვილი კლინიკაში, მკურნალობს, სიცხე აქვს. ასევე კლინიკაშია ჩემი და, მასაც სიცხე აქვს. იმედია ორივე გამოვა მდგომარეობიდან. მინდა ყველა გავაფრთხილო, ხალხო, ეს არის ჩუმი სიკვდილი. დაიმახსოვრეთ ეს.

ეკა გულუა.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუციელებლია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები