ბიზნესკომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი დროებით გაუუქმდათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოქმედ ბიზნესკომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პერიოდში, რა დროსაც შეჩერებულია მათი საქმიანობა.

როგორც დედაქალაქის მერმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ყველა ის ბიზნესკომპანია, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულია, მერიის საწარმო “თბილსერვისჯგუფმა” აღრიცხა.

“თქვენ იცით საკოორდინაციო საბჭოს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების სამი თვის ვადით გაუქმებას როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე.

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო ბევრმა მეწარმემ შეაჩერა საქმიანობა და ვერ ახერხებენ მუშაობის გაგრძელებას. მერიის საწარმო “თბილსერვისჯგუფმა” აღრიცხა ასეთი სუბიექტები. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა აღწერილი გვყავს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათი საქმიანობა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხელს შეუწყობს ამ ბიზნესკომპანიებს და ბიზნესსექტორს, რომელსაც შექმნილი მდგომარეობის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები