“თუ სახლში დარჩებით, ცოდვა არ არის, ვერ გეტყვით, რომ მე არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია” – მეუფე იოსები

„თუ სახლში დარჩებით, ცოდვა არ არის. შეგიძლიათ, დარჩეთ სახლში, თუ რამე დაავადებები გჭირთ, ან გეშინიათ, მერე რა, მეც მეშინია, იცით? ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია, ვიდრე ამ ვირუსის”, – ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა დღეს ჩოხატაურში, იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

“რომც დამემართოს კორონავირუსი, რა პრობლემაა, რა ვიცი, შეიძლება, ქუჩაში დამემართოს, სუპერმარკეტში ისეთი ამბებია, ეკლესია მონაგონია. ნებისმიერ ადგილას შეიძლება, დამემართოს კორონავირუსი. რა ვქნა, თუ ღვთის ნებაა, დამემართება, თუ არაა ღვთის ნება – არ დამემართება. ვაჟკაცობა, რომ მე ვირუსი არ დამემართება, არ შეიძლება. პირიქით, შეიძლება, უფრო დაგემართოს. თავმდაბლობით მივიდეთ უფალთან და ვთხოვოთ, უფალო, შემაძლებინე აღდგომის ღამეს თაყვანი გცე და მოვიდე შენს წმინდა ტაძარში. თუ ვერ მოხვალთ, არც ესაა პრობლემა. ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ, ეზიაროთ. მე ვერც იმას გეტყვით, არ მოხვიდეო, არც იმას გეტყვით – მოდიო. თქვენი გადასაწყვეტია. მე აუცილებლად მოვალ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენსავით მეც მეშინია, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანია, ვინც გარდაიცვალა და ძალიან დიდი პრობლემებია მსოფლიოში“, – განაცხადა მეუფე იოსებმა.

მისი თქმით, ეკლესიაში არსებული შვიდი საიდუმლოს აღსრულებიდან მრევლს არაფერი გადაედება.

„აშკარად, ეს ვირუსი შექმნილია სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ჩვენ რწმენით, სასოებით, სიყვარულით შევხვდეთ ამ დიდ განსაცდელს. მე 30 წელია, სასულიერო პირი ვარ და ასეთი მარხვა, განსაცდელი არ მქონია. ყველაფერი ღვთის ნებაა, ხალხო! დაგვემართება-დაგვემართება, რა ვქნათ. შეიძლება, გარეთ გავიდე, აგური დამეცეს და გარდავიცვალო. კორონავირუსი მომკლავს, შიმშილი მომკლავს თუ აგური დამეცემა, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე აუცილებელია, რომ სხვას არ გადავდოთ ჩვენი ავადმყოფობა. არ არის სასურველი ხელზე კოცნები. დარწმუნებული ვარ, არც ჩემგან გადაგედებათ, არც ეკლესიიდან. ეკლესიაში არსებობს შვიდი საიდუმლო და შვიდი საიდუმლოდან არაფერი გადაგედებათ. ეს არის საკურნებელი სულისა და ხორცისა. დანარჩენი – ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა მეუფე იოსებმა ქადაგებისას.

მეუფის ქადაგების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ერკეთის დედათა მონასტერი ავრცელებს.

მსგავსი თემები