“ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის კვირა იქნება რთული, მაგრამ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება” – ამირან გამყრელიძე

“ორი კვირა – ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის, იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არაა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენგანი ამ ორი კვირის განმავლობაში. როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში თუ სასაფლაოებზე.

„კვირას გვექნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ჩვენც და მთელი მსოფლიო ზეიმობს. დასამალი არაა, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები ეკლესიასთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და აღიარებული ინსტიტუციაა. მან გამოიარა ათასწლეულები და ყოველთვის ხელს უწყობდა ერის განვითარებას, ჯანმრთელობას და განათლებას. ეს ორი კვირა – ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის – იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არაა. უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენგანი ამ ორი კვირის განმავლობაში. როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში თუ სასაფლაოებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქროს შუალედი და კონსენსუსი გამოიძებნება და ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას და არ შეუწყობს ხელს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყებას.

მე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, პრევენციული მედიცინის წარმომადგენელი და, რაც მთავარია, ექიმი, მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ქვეყანაში კანონით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. დიდხანს ვიბრძოდით, რათა სამართლებრივი ქვეყანა გვქონოდა. სამართლებრივი ქვეყანა ისაა, სადაც კანონს ემორჩილება ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე და ყველა. ესაა სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები