“პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში წარმოუდგენელი და დაუშვებელია” – ანრი ოხანაშვილი ოქრუაშვილზე

“პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი”- ასე ეხმიანება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

„ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ვეთანხმები სრულად ამ პოზიციას, რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი არ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში. თუმცა, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციასვე და ამბობენ იმას, რომ თურმე პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეს არის დაუშვებელი, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის. პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებულ შეთანხმებას „ქართული ოცნება“ შეასრულებს.

„საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღწეული შეთანხმება , სადაც ძალიან დიდი როლი შეასრულეს ჩვენმა საერთაშორისო პარნტიორებმა. „ქართული ოცნების“ მხრიდან შესრულდება, არანაირი საფრთხის ქვეშ ამ შეთანხმების შესრულება არ დგას. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას სრულად დაიცავს და ეს შეთანხმება ბოლომდე მივა, იცით რომ ცვლილებებიც დაინიცირებულია და ჩვენ ამ ცვლილებებს სრულად განვახორციელებთ,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. საელჩომ ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდა სრულად დაიცვან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

მსგავსი თემები