ზაზა სარალიძემ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც წლებია პროკურატურაში არსებობს – ალექსანდრე კობაიძე

მთავარი პროკურორობის კანდიდატი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმემ და ზაზა სარალიძემ  წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც წლებია პროკურატურაში არსებობს. კერძოდ, უწყებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ დამნაშავეებს და პროკურატურაში “იკერება საქმეები”.

როგორც მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე კობაიძემ დღეს განაცხადა, პირველ რიგში აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გატარება და პროკურატურის რეორგანიზაცია, რათა ხელისუფლებამ მოიპოვოს და შეინარჩუნოს ხალხის ნდობა.

“სამწუხაროდ დღეს პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს ტრაფარეტულ გამოძიებებს. უნდა არსებობდეს ობიექტური მიდგომები, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც კერძო, ასევე საჯარო ინტერესი და ამ სტრუქტურული უფლებამოსილებიდან გამომდინარე პროკურორი იხელმძღვანელებს. მთავარი პროკურორის თანამდებობას ისეთი ადამიანი უნდა იკავებდეს, რომელსაც აქვს სათანადო გამოცდილება და კრიტიკული აზროვნება. ჩემი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, ამ თვალსაზრისით იქნება მიზანშეწონილი, რომ კრიტიკული გამოცდილება ნამდვილად გაგვაჩნია და გამოცდილებაც გვაქვს. აქედან გამომდინარე სისტემური ხასიათი რეფორმების გატარებას შევძლებ. შესაძლებელია იყოს მტკივნეული საკითხები, მათ შორის, რაც უკავშირდება  ნათესაურ კლანებს უწყებაში, მაგრამ მე პირობას ვდებ, რომ მთავარ პროკურორად ჩემი დანიშვნის შემთხვევაში, პროკურორებად აღარ დაინიშნებიან ვიღაცის ნათესავი და ვიღაცის მეგობრები”, – აცხადებს კობაიძე.

მისივე თქმით, რომ ზაზა სარალიძის პროტესტი, საზოგადოებისთვის ცნობილი ვერ გახდებოდა, ის, რომ  პროკურატურაში დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ დამნაშავეებს, რაც ფაქტობრივად დადასტურდა.

“მაქვს ამბიცია ვიყო ობიექტური და ვემსახურო ხალხის ინტერესს”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

მის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე “ხალხის პარტია” წარადგენს.

მსგავსი თემები