თბილისის მერია მშენებლობების გაგრძელებაზე შუამავლის როლს შეასრულებს

  •  

„მშენებლობის სექტორში დასაქმებულმა სუბიექტებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამშენებლო საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად, დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ“ – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„კომპანიების წარმომადგენლებმა შევსებულ განცხადებასა და სარეგისტრაციო ფორმაში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს გადაუგზავნიან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პროექტის გასაგრძელებლად საჭირო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე, კომპანიის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება – დასაქმებულთა ტრანსპორტირება, დეზინფექციის შესრულების სიხშირე და მასშტაბი, კვების ორგანიზების საკითხი, თერმოსკრინინგსისა და კომპანიის მიერ გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფრომაცია უნდა წარადგინონ.  

სარეგისტრაციო ფორმის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ განაცხადში მითითებულ ობიექტებს შეამოწმებს, ხოლო შემოწმების შემდეგ, აღნიშნულ სუბიექტებზე მშენებლობის გაგრძელების უფლების მინიჭების მიზნით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან უშუამდგომლებს.

ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა მშენებლობის გაგრძელების უფლების მისაღებად, განცხადება და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე – build@tbilisi.gov.ge უნდა გაგზავნონ. 

გაცხადებული პირობებისა და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს მუნიციპალიტეტის მერიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ. იმ შემთხვევაში, თუ წესებისა და რეკომენდაციების დარღვევის ფაქტი გამოვლინდება, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები