“საქართველოში დამზადებული პირბადეების ფასი იქნება ხელმოსაწვდომი” – ნათია თურნავა

  •  

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უწყება მაქსიმალურად ეცდება, მომევნო კვირიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებშიც გაიყიდოს.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პირბადეების ფასი იქნება ხელმისაწვდომი.

„ეს არის ჩვენი ახალი პროგრამა, ორი კირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც დღეს არის რამდენიმე წვრილი და ასევე მსხვილი სამკერვალო წარმოება ჩართული. ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მეტნაკლებად სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ დოლბანდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ იწარმოება საქართველოში. ეს არის შემოსატანი ნედლეული და ქვეყნებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით დაწესებული, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით უზრუნველვყავით ეს მეტნაკლებად სტაბილური მიწოდება ნედლეულის და შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ შემდეგი კვირიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში ჩვეულებრივ გაყიდვაში. წინასწარ მოგახსენებთ ყველას რა იქნება პირობები და ფასი. ფასი იქნება ხელმისაწვდომი, რაოდენობა ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავზრდოთ, მაგრამ მაინც არის დაკავშირებული ნედლეულის მოწოდებაზე. შეიძლება პირველ ეტაპზე მოთხოვნა სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მიხარია, რომ სხვა წარმოებებიც ამუშავდა. პირბადეები იკერება არამხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დეფიციტი დავამარცხოთ.” – განაცხადა თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, პირბადეების გარდა სამინისტროს დახმარებით იკერება სხვადასხვა დანიშულების სამედიცინო დამცავი საშუალებებიც.

„დღეს მივდივარ ერთ- ერთ ქართულ საწარმოში, რომელიც ჩვენი პროგრამის“”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აფართოებს სამედიცინო ხალათებისა და დამცავი სკაფანდრების კერვას. ეს არის მისაბაძი მაგალითი. ყველა ასეთ წარმოებას ვთავაზობთ ჩვენ გვერდში დგომას,” – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები