“ყველა ღონისძიება, რომელსაც ვატარებდით, იყო თანმიმდევრული, გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ეს შედეგი” – მაია ცქიტიშვილი

“ყველა ღონისძიება, რომელსაც ვატარებდით, იყო თანმიმდევრული, პრევენციური ხასიათის და მთელი ჩვენი გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ეს შედეგი” – ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოს მიღწევებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ბოლო წლებში წარმატებას ბევრ სფეროში მიაღწია, თუმცა ეს ახლა გამოჩნდა.

„მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩანს, რომ საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში წარმატებას ძალიან ბევრ სხვა სფეროშიც მიაღწია. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არც ვაფასებთ ამ წარმატებას. ალბათ ეს და მომავალი რთული დრო მოგვცემს საშუალებას, გავიაზროთ ისიც, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრ სფეროში გვაქვს წარმატებები მიღწეული, როგორც ჯანდაცვის სფეროში, ისე ზოგადად, თავდაცვის, სამართალდამცავი სისტემის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში, რომელსაც ჩვენ სხვა დროს შესაძლოა, არ ვაფასებდით. დღეს ეს წარმატებები ჩანს. ჩანს, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვყალიბდებით. სტრუქტურები, რომელთაც აქვთ თავისი როლი, ფუნქცია ამა თუ იმ სფეროში, აკეთებენ საკუთარ საქმეს. სწორედ ის კოორდინირებული, ერთიანი, შეთანხმებული მოქმედება, რომელიც პირველი დღიდან იყო ჩვენი გუნდის ხელწერა, ყველა დონეზე, ეს არ ეხება მხოლოდ ჯანდაცვის სექტორს, ჩვენს პატივსაცემ მედიკოსებს, ეს ეხება ყველა რგოლს, დაწყებული მუნიციპალიტეტებში რიგითი თანამშრომებისგან, უკლებლივ ყველა სტრუქტურა მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენ, პირველ რიგში, არ დაგვეშვა გლობალური პანდემიის დიდი გავრცელება საქართველოში. ყველა ღონისძიება, რომელსაც ვატარებდით, იყო თანმიმდევრული, პრევენციური ხასიათის. ყველაფერმა ამან, ამ კოორდინებულმა ქმედებამ, მთელი გუნდის, მთელი „ქართული ოცნების“ მუშაობამ გამოიღო ის შედეგი, რა შედეგიც უკვე თვალნათლივ ჩანს და გამოჩნდა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. თუ გავაგრძელებთ გვერდში დგომას, ჩვენი წარმატება იქნება კიდევ უფრო ძლიერი, სამაგალითო და ეს გაამყარებს როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე მისცემს მას იმის საშუალებას, რომ სწრაფად გადავლახოთ და როგორც ყოველთვის, უფრო ძლიერები გამოვიდეთ ამ პრობლემიდან“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები