ზაზა სარალიძეს შაქრიანი დიაბეტი აწუხებს – ემიგრანტის ემოციური მიმართვა ხელისუფლებას

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლია წიქარიშვილი, თბილისში, ხორავას ქუჩაზე 7 თვის წინ მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მისთვის შიმშილობა ყოვლად დაუშვებელია, რადგან მას შაქრიანი დიაბეტი აწუხებს და ინსულინზე იმყოფება.

როგორც ლია წიქარიშვილი აცხადებს, შიმშილობა ზაზა სარალიძისთვის სიკვდილის ტოლფასია.

ემიგრანტი ქართველი საზოგადოებას მოუწოდებს შეწყვიტონ შვილმკვდარი მამის ლანძღვა და მისი მისამართით ტალახს ნუ ისვრიან. ხელისუფლებას კი სთხოვს, დროულად დასრულდეს გამოძიება და სარალიძის მკვლელმა პასუხი აგოს.

“ზაზა სარალიძე, როგორც გავიგე, არის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული! ზაზას მაღალი შაქარი აღენიშნება უკვე კარგა ხანია. ეს ინფორაცია ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომელიც ზაზას ახლო ნათესავია. კაცს მოუღებთ ბოლოს თქვენი უნიათო გამოძიებით. რა გაგიხდათ კომისიის სხდომაზე ბავშვების დაბარება და დაკითხვა თუ მართლა სამართალს ეძებთ?! როგორც ნათლად ჩანს და ირკვევა, ვიღაცას აფარებთ ხელს. ზაზას კი სიცოცხლეს გამოასალმებთ“, – აცხადებს ლია წიქარიშვილი თავის ვიდეომიმართვაში.

ემიგრანტი ქვეყნის ხელისუფლება და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, დაეხმარონ ზაზა სარალიძეს  სიმართლის დადგენაში და მისი შვილის მკვლელის გამოვლენაში.

“ეს კაცი შეეწირება შვილის სიკვდილს, სად ხართ ვითომ პატრიოტებო?! ამოუდექით ზაზა გვერდით. რომელ პატრიოტობაზე დებთ თავს, ნება იბოძოს ყველამ ვინც მას ლანძღავდით ბოდიში მოუხადეთ მას. შიმშილობა მისთვის სიკვდილის ტოლფასია. თუ შიმშილს დაიწყებს ზაზა სარალიძე დაიღუპება. ზაზას მხოლოდ აინტერესებს სიმართლე. რატომ წელავთ ამ საქმეს?! სასაცილოები ხართ უკვე ყველანი, ვითომ რაღაცას იძიებთ, ეს არის საკენკი მხოლოდ. ეს არის არა მხოლოდ ზაზას, არამედ ქვეყნის ტრაგედია. ​არაფრის იმედი აღარ დარჩა ზაზას და მარტომ დაიწყო ბრძოლა, აღარავის იკარებს. თქვენი სიბინძურით ტალახი ესროლეთ შვილმკვდარ მამას. ეს საქმე გამოძიებულიც არის და მეტიც, მაგრამ გინდათ კიდევ გააგრძელოთ ეს თემა, სანამ ზაზას არ ამოხდით სულს”, – აცხადებს ლია წიქარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძე მეორე დღეა, მისი შვილის მკვლელების დაკავების მოთხოვნით, შსს-ს ეზოში მჯდომარე აქციას მართავს.


მსგავსი თემები