“აბონენტებს, რომელთაც კომუნალური გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, თანხა არ დაეკარგებათ, ბონუსის სახით გადავა” – ენერგოომბუდსმენი

“აბონენტებს, რომელთაც კომუნალური გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, თანხა არ დაეკარგებათ, ბონუსის სახით გადავა და შემდეგ გამოიყენებენ”, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა.

„შესაძლებელია, ასეთი შემთხვევა იყოს, რადგან ზოგს ავტომატურად აქვს კომუნალური გადასახადების გადახდა მიბმული, ეს თანხები არ დაიკარგება, აუცილებლად დაჯდება ბონუსში, მოქალაქე მის გამოყენებას შეძლებს მაშინ, როდესაც სურვილი ექნება და, როდესაც ამოიწურება სამთავრობო სუბსიდიები“, – განაცხადა მან.

ამათან, ვარდიაშვილმა განმარტა, რომ თანხობრივ გამოხატულებაში, 200 კილოვატ საათი მოხმარებული ელექტროენერგია დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით დაახლოებით 30-დან 35 ლარამდეა, ხოლო 200 კუბური მეტრი გაზი – დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, რეგიონებში კი, დაახლოებით 115 ლარამდე.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ კომუნალური გადასახადების დაფინანსების ინიციატივის შესახებ კომპანიები უკვე ინფორმირებული არიან და ამ მიმართულებით აბონენტებისთვის მომსახურების შეწყვეტას ან სხვა  გაუგებრობას ადგილი არ ექნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი თვის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაუფინანსებს თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს. საუბარია მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე.

მსგავსი თემები