რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ქუჩის ძაღლების გამოსაკვები აპარატები განთავსება 

ცხოველთა უფლებების დამცველი თეიმურაზ წიქორიძე რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევას სოციალური ქსელით ეხმიანება და ბაზრობის დირექტორთან სატელეფონო საუბრის დეტალებს ასაჯაროვებს.

როგორც ცხოველთა დამცველი წერს, რუსთავის ავობაზრობის ადმინისტრაციას ძალიან აწუხებს უპატრონო ძალების პრობლემა. ზოგჯერ არის ადამიანების დაკბენის ფაქტებიც. პრობლემის მოსაგვარებლად ბაზრის ადმინისტრაციამ მიმართა ქალაქის მერიას, მაგრამ მათგან მიიღეს პასუხი, რომ ეს კერძო ტერიტორიაა და თვითონ უნდა მოაგვარონ იგი.

​რუსთავის ავტობაზრობის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბაზრობაზე გამოიყოფა ტერიტორია, სადაც დაიდგმება ძაღლებისთვის სახლები და ძაღლების საკვების აპარატები. ასევე, განთავსდება სპეციალური ბანერები ცხოველებთან ურთიერთობის და კვების წესებთან დაკავშირებით.

“დღეს, 2 ივლისს, დამიკავშირდა რუსთავის ავტობაზრის გენერალური დირექტორი ევგენი უსტინოვი. საუბარი შეეხო ბაზრობაზე გამოკრულ აბრას ძაღლის კვების აკრძალვასთან დაკავშირებით და ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებს უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებით.

ევგენიმ აღიარა, რომ ბანერი არ არის მისაღები და სასწრაფოდ ჩამოახსნევინებს. მან ისაუბრა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ამ ტერიტორიაზე შეეხება ძაღლებს. აღნიშნა, რომ ხალხი ნაგავს ყრის ცელოფნებით, ვითომ ძაღლების საკვებად. ასევე, ხშირია ლეკვების ამ ადგილზე მოყვანის და დატოვების ფაქტები. ცხოველებს ბევრი არაჰუმანურად ექცევა და არსებობს დაკბენის ფაქტებიც. სამწუხაროდ ძაღლები წვანან ხშირად ავტომობილების ქვეშ და არის მათი დაზიანების ფაქტები. ვისაუბრეთ ასევე სხვა დეტალებზეც.

ევგენი არის ცხოველთა მოყვარული. მან თქვა, რომ მიმართა რუსთავის მერიას პრობლემების მოწესრიგების მიზნით, მაგრამ პასუხი იყო, რომ ეს კერძო ტერიტორიაა და თვითონ უნდა მოაგვარიოს პრობლემა.

საბოლოოდ ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ: გამოიყოს ბაზრობაზე ტერიტორიამ სადაც მოეწყობა ამ ძაღლებისთვის დასასვენებელი ადგილი და ჩაიდგას ძაღლების სახლები, სადაც შესაძლებელი იქნება მიეწოდოთ მათ ჯამებში საკვები; ეტაპობრივად ამ ცხოველებს ჩაუტარდებათ სტერილიზაცია – კასტრაცია – ვაქცინაცია;

იმ ადგილას, სადაც არ არის სასურველი ცხოველის ყოფნა, დისტანციური უსაფრთხო დამაფრთხობელის საშუალებით განდევნიან მათ. ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსდება ძაღლების გამოსაკვები აპარატები, რომელსაც ბაზრობის დირექცია შეიძენს და ჩამოიტანს ჩვენი რეკომენდაციით; ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური ბანერები ცხოველებთან ურთიერთობის და კვების წესებთან დაკავშირებით.

ევგენიმ მადლობა გადამიხადა რჩევისთვის და გადავწყვიტეთ, რომ უახლოეს პერიოდში ვესტუმრები და შევთანხმდებით ამ პროგრამის დეტალებზე.

ძალიან კმაყოფილი ვარ ევგენისთან საუბრით და ვფიქრობ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ტერიტორიაზე მაქსიმალურად მოწესრიგდეს ცხოველების ბინადრობის საკითხი”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეიმურაზ წიქორიძე.

 

მსგავსი თემები