„ონკოლოგიური პაციენტი განსაკუთრებულ რისკს არ წარმოადგენს, თუ ის კონტროლის ქვეშაა“ – რემა ღვამიჩავა

თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელ რემა ღვამიჩავას ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტები „კორონავირუსის“ გავრცელების განსაკუთრებულ რისკის ზონას არ წარმოადგენენ, თუ ისინი კონტროლის ქვეშ არიან და ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით დაიცავენ.

როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პაციენტებმა მკურნალობა არ უნდა შეწყვიტონ, თუმცა კლინიკებში ვიზიტები უნდა შეზღუდონ.

„ონკოლოგიური პაციენტები, ის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნიტეტის დასუსტება, ისევე როგორც სხვა პაციენტები, მომეტებული რისკის ქვეშ არის. ეს არ არის განპირობებული ონკოლოგიური პათოლოგიით. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, როგორც სხვა პათოლოგიებისას, თანმხლებია იმუნიტეტის დაქვეითება. იმუნინტეტ დასუსტებულ ადამიანში კორონავირუსის განვითარების შემთხვევაში, სერიოზული ფორმების მიღება  უფრო მომატებულია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმუნიტეტის დასუსტებას ხელს უწყობს  ქიმიოთერაპია.  მიუხედავად ამისა, ამ პირობებშიც კი, ონკოლოგიურმა პაციენტებმა მკურნალობა არ უნდა შეწყვიტონ. არის რეკომენდაციები, მაქსიმალურად შეიზღუდოს მათი მიმოსვლა კლინიკებში“ – განაცხადა რემა ღვამიჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ონკოლოგის თქმით, მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ შესაძლებელია, სწორედ კლინიკა გახდეს ვირუსის გავრცელების მიზეზი.

„იტალიაში, როცა პაციენტების მოზღვავება იყო, რიგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები გახდა ინფიცირების წყარო. ონკლოლოგიური პაციენტები უნდა ეცადონ იმუნიტეტი შეინარჩუნონ. უნდა შეიზღუდოს მაქსიმალურად საავადმყოფოებში ვიზიტები. საუბაროა კონსულტაციებზე, რომელიც სახლიდანაც შესაძლებელია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი თანმხლები პირების მისვლას კლინიკებში. პაციენტს არ უნდა გაყვეს  ოჯახის წევრი და პაციენტი  მარტო უნდა მივიდეს კლინიკაში. ონკოლოგიური პაციენტი არავითარი განსაკუთრებული რისკის ქვეშ არ არის, თუ ის არის კონტროლის ქვეშ და იცავს ყველა წესს“ – განაცხადა რემა ღვამიჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება


მსგავსი თემები