“ეს რომ არ გაგვეკეთებინა, 26 პაციენტი გაიპარებოდა” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, როდესაც კორონავირუსის არსებობის შესახებ გახდა ცნობილი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებისთვის რეკომენდაციები გასცა, თუმცა, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მათ ამ რეკომენდაციებში გარკვეული შესწორებები შეიტანეს.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ჯანმო-ს რეკომენდაციებში შეტანილმა ცვლილებებმა, გარკვეულწილად გადაარჩინა საქართველო.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში გარკვეული კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით. ჯანმო-მ, როდესაც საეჭვო დეფინიციები გამოაქვეყნა, საეჭვო შემთხვევის, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევის, იქ ეწერა ასეთი რამ: საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38, ან მეტი. ჩვენ, მსოფლიო გამოცდილებით ვნახეთ, რომ პაციენტების ნაწილი საერთოდ უსიმპტომოდ მიდის, ან ეს 38 გრადუსი ტემპერატურა არც თუ ისე ხშირია. ჩვენ ეს პირველი პუნქტი შევცვალეთ და ტემპერატურის ცნება ამოვიღეთ საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან. დავწერეთ: თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა, ასევე, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა  მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში, ან კონტაქტი ჰქონდა სავარაუდო ავადმყოფთან, ითვლება საეჭვო შემთხვევად და ექვემდებარება მკურნალობას. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დღეს არსებული 43 პაციენტიდან, დაახლოებით, ნახევარი, 26 პაციენტი გაგვეპარებოდა. 26 პაციენტს არ ჰქონდა 38 და მეტი სიცხე. ზოგიერთს, საერთოდ არ ჰქონდა. აი, ამან საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა. ხოლო, გარკვეულწილად, იტალია დაღუპა. რადგან ისინი ასრულებდნენ ჯანმო-ს მითითებას”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები