პროდუქტების ეტიკეტზე ინფორმაცია გაზრდილი შრიფტით უნდა განთავსდეს – ახალი რეკომენდაციები 

მომხმარებლის მომსახურების გაუმჯობესებისა და მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პირველი სექტემბრიდან, საკვები პროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს  ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის შრიფტის ზომის 0,9 მმ-დან 1,2 მმ-მდე გაზრდას.

როგორც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი მიქაძემ დღეს, მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოველწლიურად ათეულობით ნორმატიულ აქტს ღებულობენ ევროკავშირში მიღებული დირექტივებისა და რეგულაციების შესახებ. ​მოთხოვნები გაზრდილია  მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხში, კერძოდ, მომხმარებელი უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, თუ კონკრეტულად რას შეიცავს ესა თუ ის სურსათი, არა მხოლოდ ინგრედიენტების სახით, არამედ მისი ბუნებრივი შემადგენლობის ნაწილშიც.

​მისი შეფასებით, ეს ნორმატიული აქტი მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად იყოს ინფორმირებული სურსათის შესახებ, რომელსაც ის მოიხმარს.

​პირველი სექტემბრიდან შემოვა ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ეტიკეტირების ახალი წესი. რომელიც კიდევ უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს ბიზნესოპერატორებს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, როგორ თავის მოქალაქეებზე, ასევე, ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან ჯანსაღი საკვები პირდაპირ უკავშირდება ტურიზმის განვითარებას. ჩვენი კონტროლი არ უკავშირდება მხოლოდ ტურისტულ სეზონს, უბრალოდ, ამ დროს მომხმარებლის რაოდენობა იზრდება, კერძოდ, რესტორანი, რომელიც ემსახურებოდა გარკვეული რაოდენობის ადამიანს, ტურისტული სეზონის განმავლობაში უფრო მეტს ემსახურება. აქ გვაქვს განსაკუთრებული რისკები. ტემპერატურის მატება პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობას და აქ საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა. როგორც ბიზნესოპერატორმა უნდა დაიცვას სურსათის მიღებისა და დამუშავების წესები, ისე სახელმწიფო მაკონტროლებლის ყურადღება გაზრდილია”, – აცხადებს გიორგი მიქაძე.

​მისი ინფორმაციით, დღეისათვის 1700-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტია შემოწმებული, ამათგან უმეტესობა სწრაფი კვების ობიექტებია. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ობიექტი შესაძლებელია პირველივე ჯერზე, ყოველგვარი სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე დაიხუროს და შეჩერდეს საწარმო პროცესი.

გიორგი მიქაძე მოსახლეობას ურჩევს,სიფრთხილე გამოიჩინონ ნახევარფაბრიკატების მიმართ, ვადაგასული სურსათის შესახებ კი აუცილებლად დარეკონ ნომერზე 15-01. ასევე, გარევაჭრობებზე არ შეიძინონ მალფუჭებადი პროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი, ხორცპროდუქტები, რომლებიც უმაცივროდ არის წარმოდგენილი დახლებზე.

მსგავსი თემები