აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სესიაზე, მთავრობის საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები დამტკიცდა

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სესია გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სესიაზე თავიდანვე აღინიშნა, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შესაკავებლად და მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად, ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლო სტრუქტურები ქვეყანაში  გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით მოქმედებენ.

რეგლამენტის დაცვით და პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად სხდომამ განიხილა ორი საკითხი: კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და “აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

“მიზანშეწონილია უმაღლესი საბჭოს თანამშრომელთა დიდი ნაწილის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანა, რასაც სესიაზე კენჭი ეყარა და ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება – საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის დისტანციური მეთოდით გაგრძელების შესახებ.  უმაღლესი საბჭოს სესია დღესვე დისტანციური მუშაობის მოთხოვნათა დაცვით, სამუშაო კაბინეტებიდან ინტერნეტის მეშვეობით ჩატარდა.

მთავარი მოხსენებით  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შესახებ“,  წარსდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა. როგორც მან აღნიშნა, სიახლეები რეგლამენტში, უპირველეს მიზნად საქართველოს კონსტიტუციასთან მის შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. უმაღლეს საბჭოში დღემდე არსებული  ხუთი კომისია გარდაიქმნა კომიტეტებად; დაიხვეწა ნორმატიული აქტები; ამასთან, ახალი დეფინიცია იქნა შემოტანილი სახელმწიფო–პოლიტიკურ თუ სხვა თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნისას მისი უფლებამოსილების შეწყვეტა–შეჩერების თაობაზე.

სესიაზე დასამტკიცებლად შემოტანილ მეორე კანონპროექტზე – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  მოხსენება გააკეთა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა;  თანამომხსენებელმა – აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა იგორ კოპალიანმა, მთავრობის ფორმირების წესებში შესატანი ცვლილებების შესახებ განმარტებები გააკეთა.

საბოლოოდ ხმათა უმრავლესობით, საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სესიამ დაამტკიცა ცვლილებები კანონში მთავრობის საქმიანობის წესის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მსგავსი თემები