“ვიმედოვნებ ერთი მიმართულება მეორეს არ დააკნინებს” – ბექა ნაცვლიშვილი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანებაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების საჭიროებას ვერ ხედავს და იმედოვნებს, რომ ამგვარი შერწყმის საფუძველზე,  ერთი მიმართულება, მეორეს არ დაჩრდილავს.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ნაცვლიშვილმა დღეს განაცხადა, განათლების პოლიტიკა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც კულტურის პოლიტიკა. ეს ის სფეროებია, რომელშიც ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მდიდარი ადამიანური რესურსი და კონკურენტული პროდუქციის შექმნა შესაძლებელია.

​​მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურის პოლიტიკა, იმიტომ რომ კულტურის პოლიტიკის გარეშე კულტურის პროდუქციის გარეშე და შესაბამისად, თაობიდან თაობაზე მიზანმიმართული გადაცემის გარეშე,  განათლების სისტემა უკვე თავის აზრს დაკარგავს, და ქვეყნის სრულყოფილად განვითარება ვერ მოხდება, ამიტომ კულტურის პოლიტიკაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც, არა მხოლოდ ბუნებრივი რესურსები გაგვაჩნია, არამედ ადამიანური პოტენციალიც იმისა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა განათლების საფუძველზე, რაღაც პროდუქტი შექმნან და შესაბამისად გახადონ კონკურენტუნარიანი ჩვენი ქვეყანა. სხვა მიმართულება და არჩევანი არ გვაქვს”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

დეპუტატის თქმით, სამი უდიდესი სექტორის, განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების მთავარი მიზანი არ უნდა იყოს ხარჯების ოპტიმიზაცია, არამედ ის, რომ არც ერთი ეს მიმართულება, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ დაკნინდეს.

“ჩვენ ვნახეთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები გადანაწილდა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროზე. ჯერჯერობით უარყოფით შედეგებს ამ შერწყმაში ვერ ვხედავ და დიდი იმედი მაქვს რომ არც იჩენს თავს. ასევე, ვიმედოვნებ, რომ კულტურისა და განათლების სამინისტროების შერწყმას უარყოფითი შედეგს არ მოიტანს”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

მსგავსი თემები