წყნეთი-ბეთანიის გზაზე ქანების გადაადგილებისას სიგნალიზაცია ამოქმედდება და შლაგბაუმი ავტომატურად ჩაიკეტება 

 

თბილისის შემოგარენში, წყნეთი-ბეთანიის ახალგახსნილ გზაზე, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაინგრა, წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელ-გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ისინი ავტომატურად იკეტება. ასევე, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით დამონტაჟდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, 3 წლის წინათ, მეწყერის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციისას სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმური ბიძგები და ჰიდროლოგიური წნევები. კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონები დაიბურღა და განხორციელდა ქანების ანკერული გამაგრება.

მათივე ინფორმაციით, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან და ავსტრიიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები.

​წყნეთი-ბეთანიის ახლადგახსნილი გზა გუშინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი თემები