“სიტუაცია საკმაოდ რთულია” – 67 წლის დაინფიცირებული ქალი მაღაზიაში მუშაობდა და უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი 

„დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ერთი ინფიცირებული ადამიანი და მისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი“ – ეს საგანგებო განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა და მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების მიზეზებზე ისაუბრა. 
  

„ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ დღეს  ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვუწოდებდით გავრცელების ახალ, შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებულნი, სინამდვილეში, დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვართ მზად. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
 
„დღეიდან, იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და  იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს  მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.
 
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, 67 წლის ქალი მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა და მას უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. 

მსგავსი თემები