„მთავარია, სახელმწიფოს ხელიდან არ გაექცეს პანდემია, პროცესმა უმართავი სახე არ მიიღოს, ამიტომ გახდა საჭირო საგანგებო მდგომარეობა“ – სიმონ ნოზაძე

“როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას ვალდებულება აკისრია, არ გავრცელდეს ვირუსი, მაშინ ერთმანეთის გაგება და საღი დამოკიდებულება უნდა იყოს ნებისმიერ სფეროში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა  სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “კორონავირუსის” გავრელების მოჭარბებული საფრთხის  გამო დაწესებულ გარკვეულ შეზღუდვებს მრევლი გაგებით მოეკიდება.

“მეც მორწმუნე ვარ, ჩემთვისაც დიდი დღესასწაული მოდის, მაგრამ აუცილებელია, წესები დავიცვათ”, – დასძინა ნოზაძემ.

ამასთან, “მედიაცენტრ მთავართან” სიმონ ნოზაძემ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებიტაც გააკეთა კომენტარი.

“რაც შეეხება განათლების სისტემას და დისტანციურ სწავლებას, ბუნებრივია, ეს გამოცდილება ჩვენ არ გვქონდა და ყველაფრისთვის მზად არ აღმოვჩნდით. განათლებაში, დისტანციური სწავლების კუთხით ხარვეზები არსებობს. ზოგი მასწავლებელი კარგად ართმევს თავს და ატარებს ონლაინ გაკვეთილებს, თუმცა ყველგან ეს ვერ ხერხდება. თუმცა ხაშურში, დიდ ნაწილს ხელი მიუწვდება კომპიუტერსა და ინტერნეტზე. პირველად და მოულოდნელად დავდექით ასეთი გამოწვევის წინაშე. ერთთვიან პერიოდში გამოჩნდება გამოცხადდება თუ არა აკადემიური წელი. ძნელია წინასწარი პროგნოზის გაკეთება. ჩვენი პრემიერი კრიზისების მართვის კარგი მენეჯერი აღმოჩნდა”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისივე შეფასებით, თუ რისკი მოიხსნა, საგანგებო მდგომარეობა ერთი თვე არც გაგრძელდება.

“სახელმწიფომ თავიდანვე ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა. ამ დრომდე უშეცდომოდ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება. ძალიან პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი ექიმები. არსებული რისკებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, იმის ათვლით, რომ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კვირა რომ იქნება პიკური და გააქტიურდება შემთხვევები, მოსალოდნელია შიდა გავრცელებაც, ამ ყველაფრის  შესამსუბუქებლად საჭიროდ ჩაითვალა საგანგებო სიტუაციის გამოცხადება. თუ 2 კვირის თავზე შეწყდება ეპიდემია, ეს იმას არ ნიშნავს რომ საგანგებო სიტუაცია გაგრძელდება, შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას შეწყვეტის შესახებ. მთავარია, სახელმწიფოს ხელიდან არ გაეცეს პანდემია და პროცესმა უმართავი სახე არ მიიღოს” – განუცხადა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები