საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მარკეტებში სრული ქაოსია, პროდუქტებს იტაცებენ – რედაქტორის ბლოგი

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მარკეტებში სრული ქაოსია, მიუხედავად რომ თვალშისაცემია პროდუქტების მრავალფეროვნება, ხალხი დიდი რაოდენობით იტაცებს ხორცს, ყველს, ზეთ-კარაქს, შაქარ-მარილს, ძეხვეულს… ქათამსა და კვერცხს… მარკეტებში სრული ქაოსია, ხალხი ყველაფერს, რაც ხელში ხვდება რკინის დიდ კალათებში ყრის.

რა ხდება მარკეტებში, „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟიდან შეიტყობთ.

ერთ-ერთ დიდ მარკეტში ზუსტად 16:00 საათზე შევედი, ყველა მიმართულებით, ყველა დახლთან უზარმაზარი რიგი დგას. არ ვიცი საით წავიდე და საიდან დავიწყო.

დავიწყოთ ხორცის განყოფილებით, თანამშრომლები ხორცის დაჭრას ვერ ასწრებენ, გამოიტანენ – იყიდება, კიდევ გამოიტანენ – კიდევ იყიდება. ნორმალურ ვითარებაში თუ მომხმარებელი კილოობით ყიდულობს ხორცს ახლა პარკებით ყიდულობენ, ერთი მომხმარებელი მინიმუმ 5 გაძეძგილი პარკით ყიდულობს ხორცს. ხორცის რიგში დაახლოებით 40 წუთი ვიყავით და მინიმუმი, რაც თითო მომხმარებელმა იყიდა, 10 კილო იყო (და ეს ხდება უმძიმეს მარხვაში, ხალხი კი ზიარების წესს აპროტესტებს).

მომხმარებლებს შორის პანიკა და ჩხუბი კი მაშინ ატყდა, როდესაც ერთ-ერთმა უცხოელმა (ეროვნებას შეგნებულად არ ვასახელებ), თითქმის მთლიანი საქონელი გაიტანა. საქონელი პირდაპირი მნიშვნელობით -მთელი ძროხა. ზუსტად 2 დიდი, სავაჭრო კალათა აავსო ხორცით, რის შემდეგაც, სხვა მომხმარებლებმა, მას უფლება არ მისცეს კიდევ ეყიდა ხორცი.

ანალოგიური ხდება თითქმის ყველა მიმართულებით – ბოსტნეულის რიგშიც დახლებიდან იტაცებენ კარტოფილს, პომიდორს, ხახვს, კიტრს, სოკოს და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველაფერს ეზიდებიან.

უზარმაზარი რიგი დგას რძის პროდუქტების განყოფილებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველი დამთავრდა და არ არის, რიგში მდგომებმა რიგი რომ არ დაკარგონ, იმას ყიდულობენ, რაც დარჩა – ხაჭო, არაჟანი, მაწონი.

არანაკლები ვითარებაა საცხობებთან, მაგრამ ყველაზე მთავარი – ერთია, რომ იყიდე, მაგრამ მეორე, როგორ გინდა მიაღწიო სალარომდე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი მიყიდია და სულ რამდენიმე პროდუქტით შემოვიფარგლე, ზუსტად 2 საათი და 40 წუთი დამჭირდა სალარომდე მიმეღწია.

გარეთ უარესი ხდება, ერთ-ერთ ცნობილ დიდ მარკეტში (რომელსაც არ ვასახელებთ) შემსვლელთა რიგი ქუჩიდან იწყება, არაფერს ვამბობ მანქანით მიახლოებაზე.

აი, ეს მოიტანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ. სჭირდებათ თუ არა, მალფუჭებადია თუ არა, მაინც ყველაფერს ეზიდებიან, ვისაც ფული აქვს, ყველაფერს ყიდულობს. და ბოლოს, რიგში ჩემს წინ დგას ახალგაზრდა, რომელსაც ქამრიდან იარაღი მოუჩანს. იარაღით წამოვიდა სუპერმარკეტში, რა იცი რა ხდება? მოკლედ ასეთია საგანგებო დღის წესრიგის უკვე უწესო და უწესრიგო დღე. მე კი გამოვაღწიე, მაგრამ, ასე მეგობრებო ვერ გავუძლებთ ვერც ერთმანეთს და ვერც ამ „კორონას“, რადგან, ვატყობ, ასეთი ხალხი „კორონაზე“ უფრო საშიშია. უკვე, იარაღით ქამარში.

ეკა გულუა, სპეციალურიად “მედიაცენტრი მთავარისთვის”

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები