„ჩვენ შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა” – მაია ცქიტიშვილი

„ჩვენ შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ასევე, მუშაობას გააგრძელებენ ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუციები და ამასთან ერთად, საფოსტო ოფისები. ის სტრუქტურები და ორგანიზაციები, რომელთა მუშაობა არის აუცილებელი ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“ჩვენ ამ ეტაპზე ვაზუსტებთ სიას და ეს სია გამოქვეყნდება. ვიცი ბევრი კითხვა შემოდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ გავაჩერეთ ისეთი საცალო ობიექტები, არაპრიორიტეტული ანუ ყველაზე მაღალრისკიანი სექტორები, როგორიცაა მოლები, დიდი სავაჭრო ობიექტები, სადაც ყველაზე აქტიური იყო მოსახლეობის მისვლა, სავაჭრო ოპერაციები და იყო მაღალი საფრთხე ვირუსის გავრცელების. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ადამიანების გასვლა ქუჩაში, მოძრაობა და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ობიექტებს, რომლებსაც დახურვის რეკომენდაცია მიეცათ, შეუძლიათ იმუშაონ დისტანციურ რეჟიმში.

„ამ საცალო ობიექტების ფუნქციონირება არის დაშვებული დისტანციურ რეჟიმში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ იზღუდება ამა თუ იმ მაღაზიის ფუნქციონირება, დაშვებულია მიტანის სერვისი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ ბიზნესს, რომელიც მიტანის სერვისზე არიან ორიენტირებული. ჩვენ კარგად გვესმის, რომ აუცილებელია იმ სასურსათო მაღაზიების და მათი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფილი საქმიანობა იმისთვის, რომ სასურსათო მაღაზიები იყოს მუდმივად ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. ესეც არის ძალიან პრიორიტეტული სექტორი. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მთელი მისი გუნდი, ჩვენს გუნდთან ერთად, მუშაობს, რომ იყოს მუდმივი მიწოდება მარაგების და ასევე კონტროლი ფასებზე. ამ მიმართულებით. სასურსათო მაღაზიების და ამ სფეროს ფუნქციონირება ვერ და არ იქნება შეზღუდული“,- აცხადებს ვიცე-პრემიერი.

მსგავსი თემები