კორონავირუსის გამო, საქართველოში პირველი დისტანციური სასამართლო პროცესი ჩატარდა

საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციით, საქართველოში გუშინ პირველი დისტანციური სასამართლო პროცესი გაიმართა, რაც პროცესის ყველა მონაწილის ჩართვას გულისხმობს სპეციალური პროგრამის დახმარებით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მხარეები ვიდეო კონფერენციაში ერთდროულად ჩაერთონ.

პროკურორებს შესაძლებლობა ექნებათ დისტანციურ სასამართლო სხდომებში მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის ნებისმიერი ოფისიდან.

სასამართლო პროცესებზე დისტანციურად ჩაერთვებიან ადვოკატები და პროცესის სხვა მონაწილე პირები, ასევე სათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის საშუალებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული ბრალდებულები.

“კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარების ფარგლებში, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის შეუფერხებლად წარმართვას და ასევე აღნიშნულ პროცესში ჩართული მხარეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას გულისხმობს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კონკრეტულად, გუშინ უკვე გაიმართა პირველი დისტანციური პროცესი. ჩვენი მიზანია, ყველა იმ საქმეებზე, რომლებზეც მართლმსაჯულება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს პროცესი განხორციელდეს დისტანციური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამა უკვე დაინერგა, რისთვისაც დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს”, – განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

უზენაეს სასამართლოში, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, ქვეყანაში არსებული ინფექციური დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარების დეტალები განიხილეს და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარება ხელს შეუწყობს სოციალური დისტანციის დაცვას და ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილების პრევენციას.

მსგავსი თემები