“საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საავიაციო და საჰაერო თავდაცვის სფეროში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში” – ნატოს ანგარიში

2019 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის დატვირთული იყო, – ამის შესახებ ნატოს 2019 წლის ანგარიშში წერია.

ანგარიშის თანახმად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული თანამშრომლობა გაიზარდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოსთვის დახმარების გაწევას ნატოში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

„აღნიშნულის ფარგლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საავიაციო და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შეძენის შესახებ გამჭვირვალე კანონმდებლობის შემუშავებაში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ნატომ გააძლიერა საქართველოს მხარდაჭერა საზღვაო უსაფრთხოებისა და პორტების დაცვის სფეროში. ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრმა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ მრავალრიცხოვანი სასწავლო ღონისძიებები შესთავაზეს სამხედრო და სამოქალაქო სტუდენტებს.

„2019 წლის მარტში, საქართველოში გაიმართა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები. მასში მონაწილეობდა დაახლოებით 350 მონაწილე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების 24 სახელმწიფოდან. წვრთნების მიზანი იყო საქართველოს

ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის პერსონალის მომზადება, ჰუმანიტარული კრიზისისთვის სამხედრო რეაგირების დაგეგმვის, კოორდინირებისა და შესრულების მიზნით. ასევე შემოწმდა ქართული, მოკავშირეთა და სხვა პარტნიორი ძალების ურთიერთთანამშრომლობა, ასევე ქართული სარდლობისა და კონტროლის შესაძლებლობები. საქართველოს სანაპირო დაცვა მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოს საზღვაო სარდლობასთან. განხორციელდა სანაპირო დაცვის, სამხედრო პოლიციის და სხვა დანაყოფების მომზადება ნატო-ს ხელმძღვანელობით ოპერაციებში სამომავლო მონაწილეობისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვია ბათუმს, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სხვა მაღალჩინოსნებთან, პარლამენტარებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრები. ამასთან დაკავშირებით, ნატო-საქართველოს კომისიამ აღნიშნა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღწევები და გამოაცხადა მიღწეული შეთანხმება პაკეტის განახლების შესახებ. საქართველო კვლავ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა ნატოს ოპერაციებსა და სხვა ღონისძიებებზე.

2019 წელს მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, რაც 2008 წლის ბუქარესტისა და სხვა სამიტების გადაწყვეტილებებს შეესაბამება.

მსგავსი თემები