„თანაინვესტირების ფონდის“ 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება

“თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამის შესახებ” თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს 10-მდე თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„დაახლოებით, 10-მე პირს ჰქონდა ამ ადამიანთან შემხებლობა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია. მათ ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის მიერ ჩაუტარდებათ მას შემდეგ, რაც სიმპტომები გამოუვლინდებათ. ჯერჯერობით არცერთ ადამიანს, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, არანაირი სიმპტომი არ გამოვლენიათ. ყველა მათგანი კარგად იმყოფება.

ლუგარის ლაბორატორიიდან დასტური, რომ აღნიშნულ პირს კორონავირუსი ჰქონდა, გუშინ დილით მოვიდა, თუმცა, მანამდე, 3-4 დღის განმავლობაში ეს ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან მან იცოდა, რომ შეხება ჰქონდა ისეთ ადამიანთან, ვისაც დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც კი ეს ინფორმაცია გაიგო, ნახევარ საათში გადავიდა თვითიზოლაციაში. ის პირი, ვისგანაც მას ვირუსი გადაედო, თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელი არ არის, ცალკე დამოუკიდებელი პირია, რომელსაც თავის მხრივ შეხება ჰქონდა უცხოელებთან“, – განაცხადეს თანაინვესტირების ფონდში.

ამასთან, ფონდში განმარტავენ, რომ „აქსის თაუერსის“ შენობაში განთავსებულ სხვა ოფისებში მომუშავე პირებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„ჩვენს ოფისს აქვს აბსოლუტურად იზოლირებული შესასვლელი, ცალკე კიბეები და კარი. დამოუკიდებელი შესასვლელებით ვსარგებლობთ და არ აქვს შეხება სხვა ოფისებთან. შესაბამისად, სხვა ოფისებს საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც კი ქალბატონს ვირუსი დაუდასტურდა, ჩვენს ოფისს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დახურულია. დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი. თანამშრომლების ნაწილი ან თვითიზოლაციაშია, ან სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. რა ინფორმაციასაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც იქნება ცნობები, ჩვენც ამის მიხედვით მოვიქცევით“, – განაცხადეს ფონდში.

მსგავსი თემები