რატომ არის „კორონავირუსი“ ბავშვებში ნაკლებად გავრცელებული და ნაკლებად აგრესიული? – ივანე ჩხაიძის პასუხები

„რატომ არის ბავშვებში კორონავირუსი უფრო ნაკლებად გავრცელებული და ნაკლებად აგრესიული? ზოგიერთი ინფექციური დაავადება ბავშვებში ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილებთან შედარებით“ – ამის შესახებ „თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. სპეციალისტი იმ შედარებებზე ამახვილებს ყურადღებას რაც დაავადების პროგრესირების დროს ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებში მიმდინარეობს. ივანე ჩხაიზე რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. „მაგალითად, პოლიომიელიტის დამბლით მიმდინარე ფორმა ბავშვებში გვხვდება სიხშირით 1:1000-თან, მოზრდილებში სიხშირით 1:100 თან; წითურას დროს დაავადებების სისტემური გამოვლინებები გაცილებით ხშირია მოზრდილებში, ვიდრე ბავშვებში; ანალოგიურია ჩუტყვავილასთან, წითელასთან მიმართებაშიც;

ბავშვებს აქვთ უფრო აქტიური თანდაყოლილი იმუნური პასუხი და უფრო ჯანმრთელი ფილტვები, ვინაიდან ნაკლებად და უფრო ხანმოკლედ განიცდიან თამბაქოს კვამლის და გარემოს დაბინძურების ზემოქმედებას; მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვირუსის რეცეპტორების განაწილება, სიმწიფე და ფუნქციონირება. ახალი, SARS-CoV-2, ისევე როგორც სხვა კორონავირუსი, იყენებს ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტს (ACE2), როგორც უჯრედის რეცეპტორს.

თუ ჩვენ განვიხილავთ ადამიანის ორგანიზმს, როგორც სახლს, ხოლო კორონავირუსს, როგორც ყაჩაღს, მაშინ ეს ფერმენტი კარის სახელურია, რომლის საშუალებით ყაჩაღი ხვდება ბინაში. ამ კარის სახელურების რაოდენობა ბავშვებში ნაკლებია, მოზრდილებთან შედარებით, ან სხვა ფორმა აქვთ, შესაბამისად, ბავშვის ორგანიზმში ნაკლები ვირუსი აღწევს; ACE2-ს ექსპრესია ექსპერიმენტულ ვირთხებში ასაკთან ერთად კლებულობს. ACE2 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფილტვის დამცველობითი მექანიზმის ფორმირებაში, შესაბამისად, რაც უფრო მცირეა ასაკი, მით უფრო დაცულია ორგანიზმი სეფსისით, SARS-ით ან ფრინველის გრიპით გამოწვეული ფილტვის მძიმე დაზიანებისაგან; კორონავირუსი („ძველი“ კორონავირუსი) ბავშვებში გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. ასე გაციების ეპიზოდები ბავშვს წელიწადში შეიძლება 8-10 ჰქონდეს, რაც მათ, შესაძლოა, გარკვეულ იმუნიტეტს აძლევს ამ „ახალი“ კორონავირუსის მიმართაც; მოზრდილებში ახალი კორონავირუსით განპირობებულ ფილტვის დაზიანებაში ვირუსთან ერთად დიდ როლს თამაშობს ე.წ. ციტოკინური შტორმი, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემის ზედმეტად აგრესიული პასუხი უშუალოდ ვირუსზე მეტად აზიანებს ფილტვებს და შემდეგ მთლიან ორგანიზმს.

ბავშვებში იმუნური სისტემის უმწიფრობის გამო ასეთი შეუსაბამო პასუხი არ ვითარდება; შესაძლებელია დამცველობითი მნიშვნელობა ჰქონდეს ბავშვებში გეგმიურ, რუტინულ ვაქცინაციასაც და რომელიმე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა ასევე იცავდეს კორონავირუსისაგან, როგორც მაგალითად BCG ვაქცინაციამ შეამცირა ატოპიის სიხშირე, წითელას ვაქცინაციამ არაწითელათი გამოწვეული პედიატრიული ლეტალობის მაჩვენებელი,“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე

მსგავსი თემები