ბოჭორიშვილის კლინიკა, საჭიროების შემთხვევაში, 11 პალატას გამოყოფს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებული ადამიანები მიიღოს. როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა “მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში განაცხადა,  მზად არიან გამოყონ 11 პალატა, რომელშიც პაციენტებს ყველანაირი წესის დაცვით, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ მოათავსებენ.

“ჩვენი საავადმყოფოს ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, გვაქვს საშუალება გამოვყოთ 11 პალატა, რომელშიც ყველანაირი წესის დაცვით, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ, მოვათავსოთ პაციენტები. თავის მხრივ, ჩვენი თამაშრომლებისთვისაც იყოს უსაფრთხო მათთან ურთიერთობა”, – აცხადებს კახა იშხნელი.

მისი ინფორმაციით, რამდენი ადამიანი მოთავსდება ერთ პალატაში, ეს დამოკიდებულია იმაზე, პაციენტი გამოსაკვლევია თუ სამკურნალო.

“სამკურნალო პაციენტების მოთავსება შეიძლება 30-მდე. შესაბამისად, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია მივიღოთ 11 გამოსაკვლევი ან 30-მდე სამკურნალო პაციენტი.  სამკურნალო პაციენტების ერთად განთავსება შესაძლებელია. საბედნიეროდ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა ჩვენთან არ არის. როდესაც შეივსება ის 4 დაწესებულება, შემდეგი ჯერი კერძო სექტორზე იქნება.

სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალი ყოველთვის დგას რისკის ქვეშ. მითუმეტეს, ინფექციურ დაავადებებთან, ეპიდემიების დროს და ამას ვერ გავექცევით. ზუსტად ამ წესების, ეპიდემიოლოგიურად სწორი ნაბიჯების გადადგმით შესაძლებელია ამ რისკების მინიმალიზაცია”, – განუცხადა კახა იშხნელმა “მედიაცენტრ მთავარს”.

კითხვაზე, რამდენად უწყობს ხელს ცივი ამინდი და თოვლი  ვირუსის პრევენციას, კახა იშხნელი გვპასუხობს:

“ვირუსის საქციელი, ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია. ის უცხოა და ჯერჯერობით კვლევის სტადიაშია. ზამთრის სიცივე არ წაადგება ამ სიტუაციას, თუმცა ნალექის მოსვლა ცუდად არ უნდა მოქმედებდეს”, – განაცხადა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები