საქართველოს მთავრობა კორონავირუსის 20 ათას ტესტს ყიდულობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სამინისტრო კორონავირუსის 20 ათას ტესტს ყიდულობს.

მისი თქმით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებს 100 ტესტის ჩატარება შეუძლიათ, შესაბამისად, ამ კუთხით დაყოვნების პრობლემა არ არსებობს.

„ამჟამად ჩვენს მარაგში არის 3 000 ტესტი, ასევე შესყიდვის ფაზაშია 20 ათასამდე ტესტი, შესყიდვის პროცედურა მთავრდება და ტესტების მოწოდება ხდება. დღეს ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ ყველა საეჭვო შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტულ განმარტებას – იქნას ტესტირებული“, – განმარტავს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტესტის პასუხებს 12-დან 24 საათამდე დროის ვადაში იღებენ.

საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა ფიქსირდება, საკარანტინო რეჟიმში – 1008 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.

მსგავსი თემები