ქართული კინოს ვარსკვლავი, ლეილა აბაშიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

​ქართული კინოს ვარსკვლავი, საქართველოს დამსახურებულ და სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე ლეილა აბაშიძე, მისმა კოლეგებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა დღეს, უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
88 წლის მსახიობი, ქაშუეთის ეკლესიაში მოკრძალებული სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, საბურთალოს სასაფლაოზე, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალეს.
მსახიობის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პოლიტიკოსებმა, სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა მიუსამძიმრეს. ქაშუეთის ეკლესიაში, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი.
ჭირისუფალთა შორის იყო რეჟისორი ქეთი დოლიძე.
​როგორც მან “მთავარს” განუცხადა, მსახიობის მიმართ განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს და ამბობს, რომ ლეილას გარდაცვალებით, მისი ბავშვობის ძალიან დიდი გვერდი დაიხურა.
​მისივე თქმით, ლეილა აბაშიძე ძალიან კეთილი, დიდი ქველმოქმედი და უშურველი ადამიანი იყო.
მისგან არ ახსოვს მსახიობის პროფესიისთვის დამახასიათებელი შური.
“ლეილას არავისი შურდა და უპრეტენზიო იყო. ის ქართული კინოს ნამდვილი ვარსკვლავია. ლეილა აბაშიძე მამამ (რეჟისორი სიკო დოლიძე) მოიყვანა კინოში ჭრიჭინას როლით და მერე მამამ დააბრუნა, დიდი პაუზის შემდეგ ბრწყინვალე, დრამატული როლით ფილმში “შეხვედრა წარსულთან”. ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ფურცელი დაიხურა. დედა ადრე გარდამეცვალა, როდესაც ჭრიჭინას გადაღება დაიწყო მამაჩემმა, ლეილას ძალიან ვეცოდებოდი, სულ გვერდით ვყავდი და მეც არ ვცილდებოდი“, – აცხადებს ქეთი დოლიძე.
​მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ​ახალი თაობა არ იცნობს იმ ეპოქის ქართული კინოს ვარსკვლავებს.
“ეს არის ჩვენი დღევანდელობის ტრაგედია, ტოტალური გაუნათლებლობა ტოტალური უვიცობა და ძალიან გულდასაწყვეტია”, – ამბობს რეჟისორი.

​ასაკოვანი მსახიობი 88 წლის ასაკში ინსულტის ნიშნებით ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 თებერვალს გადაიყვანეს და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მოგვიანებით გაუმჯობესდა და პალატაში გადაიყვანეს.​
მსახიობი 8 აპრილს გარდაიცვალა.

მსახიობის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სურდათ, ცნობილი მსახიობი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულიყო, მამამთილის, ცნობილი მეცნიერის, სერგო დანელიას გვერდით, თუმცა, უპირატესობა მსახიობის უკანასკნელ სურვილს მიენიჭა.
ლეილა აბაშიძე დაიბადა თბილისში, 1929 წლის პირველ აგვისტოს. მამა რეპრესირებული ჰყავდა, რის გამოც დედასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში ციმბირში ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნებულები წლების განმავლობაში მაღაზიის თავზე, პატარა ოთახში ცხოვრობდნენ. ცნობილმა მსახიობმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები იმ ბინაში გაატარა.
ლეილა აბაშიძე ეკრანზე პირველად 1941 წელს, ფილმში „ქაჯანა“გამოჩნდა, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას ნატო ვაჩნაძეს უწევდა. ​შემდეგ იყო მაია წყნეთელის, ჭრიჭინას, აბეზარას, ძიძიას, ლალი მინდელისა და სხვა გახმაურებული კინოროლები.
2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, ქართული მუნჯი კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის გვერდით, ასევე ლეგენდარული ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნაზე ლეილა აბაშიძემ ემოციური სიტყვა წარმოთქვა, მან მადლობა გადაუხადა ქართველ ერს ასეთი დაფასებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცევა.
მსახიობს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის, ასევე ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტის წოდებები, დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, მიღებული აქვს პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში “შეხვედრა წარსულთან”, ასევე II მსოფლიო ფესტივალის I პრიზი ტოკიოში.

 

მსგავსი თემები