„ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში“ – მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს

„მინდა ყველას მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში,“ – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა და “კორონავირუსის” გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას მიმართა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე, რომელსაც ექნება გარდაუვალი აუცილებლობა და მაინც მობრძანდება სერვისის მისაღებად, თავი შეიკავოს, რომ თან ჰყავდეს თანმხლები პირები. ეს არის კლასიკური შემთხვევა. განსაკუთრებით, იუსტიციის დიდ სახლებში, მოქალაქეები სერვისის მისაღებად თანმხლებ პირებთან ერთად მოდიან. გთხოვთ, აღნიშნულისგანაც შეიკავოთ თავი, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეებში. მესამე – თუ შეგიძლიათ, რომ ესა თუ ის მომსახურება მიიღოთ ელექტრონულად, ონლაინ, ამ მეთოდს მიმართეთ . ჩვენ იმ სერვისების ნუსხას გამოვაქვეყნებთ, რომლის მიღებაც შესაძლებელია ონლაინ“ – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები