“კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია” – ამირან გამყრელიძე

15:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ​კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 15-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია.

„სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას. ყველა გატესტილია, ზოგი ორჯერ. აქედან, დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული გვაქვს 15 შემთხვევა. ორი უკავშირდება ირანში, ერთი ესპანეთში მოგზაურობას, შვიდი იტალიაში მოგზაურობას, საიდანაც ექვსი შემთხვევა წარმოადგენს ორი ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს, ხუთ შემთხვევაში კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ  ამჟამად ლუგარის ცენტრში კვლევისთვის 23 პირის ნიმუშია გაგზავნილი. აქედან 17 ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, დანარჩენი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან. მისი ინფორმაციით, კარანტინში ამჟამად 178 ადამიანი იმყოფება.

ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა მედიას კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის სწორი გაშუქებისთვის. ასევე, მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რათა ქვეყანაში ვითარება კონტროლირებადი იყოს.

მსგავსი თემები