ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის ცხრა პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 42 პაციენტია მოთავსებული. მათგან 21-ის პასუხი უკვე ცნობილია. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და საკარანტინო ზონაში გადავლენ. ცხრა პაციენტის პასუხი გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე დღეში ერთხელ უტარდებათ ხელახალი ტესტირება, ყველა ტესტი ჯერჯერობით კვლავ დადებითია, შესაბამისად ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

„ვინც საჩხერეშია, მისი მდგომარეობა კარგია, არავითარი ჩივილი მას არ აღენიშნება. გვაქვს მუდმივი კონსულტაცია და არავითარი გადახრა მასთან ჯერჯერობით არ აღინიშნება. ამ დაავადებას ახასიათებს ერთგვარი ვერაგი თვისება. გრიპისგან განსხვავებით, ხშირად იწყება მსუბუქად და მერე მძიმდება. ჩვენთან მისი ეს თვისება იწყებს რეალიზებას. ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო შედარებით მძიმე და ის რჩება კვლავ მძიმე. აქვს ორმხრივი პნევმონია და უტარდება სერიოზული მკურნალობა, თუმცა ჯერჯერობით არ დასჭირვებია ინტერსტიციული თერაპიის ღონისძიებები, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები არ არის დარღვეული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დარწმუნებულები ვართ, ეს პაციენტი გამოჯანმრთელდება. კიდევ სამ პაციენტს აღენიშნება ორმხრივი ფილტვების ანთება. მათგან ერთის მდგომარეობა კარგია, დამაკმაყოფილებელია, ის გაჯანმრთელებისკენ მიდის, ხოლო ორ პიროვნებას აქვს საშუალო სიმძიმის მდგომარეობა, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე საფრთხესთან. დანარჩენი მსუბუქები არიან. აქვთ სხვადასხვა ტიპის მინიმალური გადახრები“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები