თბილისში მიწისქვეშა პარკირებების მოწყობით კერძო კომპანიები არ ინტერესდებიან

თბილისში, მიწისქვეშა პარკირებების მოწყობასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის სურვილი, არც ერთმა კერძო კომპანიამ არ გამოთქვა. ინტერესთა გამოხატვა 22 ივნისს დასრულდა. დედაქალაქის მერია დაინტერესებულ პირებს, მეტროსადგური “ვარკეთილის”, გეგეშიძის სკვერისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად სთავაზობდა.

თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნესაქტივობა საკმაოდ დაბალია.

​მისივე თქმით, ეს ბიზნესი არარენტაბელურია ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც, ამიტომ მსგავსი პროექტების სუბსიდირება ან მუნიციპალიტეტის მხრიდან ხორციელდება, ან თვითონ მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ პროცესში ბიზნესიც ჩავრთოთ, თუ ამის სურვილი იქნება. ეს შეიძლება არ იყოს მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ დაინტერესებული პირებისთვის მიწის ნაკვეთების ერთ ლარად გადაცემის პირობა, კვლავ ძალაში რჩება.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პუშკინის სკვერის შემთხვევა გაიხსენა, სადაც სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას, თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების მხრიდან აჟიოტაჟი მოჰყვა. მაშინ გაისმა ბრალდებები, რომ დედაქალაქის მერიამ პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

„ გვახსოვს, წინასაარჩევნოდ, 2016 წელს, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით თუ როგორი აჟიოტაჟი იყო. მაშინ პროცესებს სათავეში კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ედგნენ და ნამდვილად სამარცხვინოა ის ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. იყო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები