“ავადმყოფობა სირცხვილი არ არის” – ნიკოლოზ გამყრელიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან ერთ-ერთი დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძეა. მას კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან დაბრუნებულ, კორონავირუსიით დაინფიცირებულ მე-4 პაციენტთან.

“როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით. შესაბამისად, გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა”, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, მისი კონტაქტების სია ვიწროა, ყველა იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან იზოლაციაში.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია, გადავწყვიტე რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამდენიმე მიზეზით:

  1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის.
  2.  არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი
  3. რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.

დარწმუნებული ვარ რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევა”, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

მსგავსი თემები