პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

6 მარტს, საქართველოს პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები. 

საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას უძღვებოდა ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა ჟიული შარტავას მოღვაწეობაზე, მის როლზე დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების ისტორიაში. მისი თქმით, ეროვნული გმირის განვლილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის და მნიშნველოვანია მისი სახელის უკვდავყოფა, რათა არასდროს მიეცეს დავიწყებას ჟიული შარტავას მიერ თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის გაწირული სიცოცხლის ფასი.

საზოგადოებრიობას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მან ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც გმირობის და სიმამაცის სიმბოლოზე. მისი თქმით, ჟიული შარტავას მემკვიდრეობა გახლავთ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის, ერის და საზოგადოების ერთიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან აღნიშნა, რომ ჟიული შარტავას მემკვიდრეობა უდაოდ უკვდავია და აუცილებლად გადაეცემა მომავალ თაობებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ეროვნული გმირის სახელსა და ისტორიას. გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული გმირის ბიუსტი დაიდგმევა არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ აფხაზეთშიც. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, რომელიც ემსახურება კონკრეტულ მისიას, რასაც ჰქვია ჟიული შარტავას მემკვიდრეობის უკვდავყოფა და შენარჩუნება.

ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს უღრმესი მადლობა გადაუხადა ჟიული შარტავას მეუღლემ ქალბატონმა ლია ჯალაღონიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მისი სახელის უკვდავყოფის გარანტირება.

ღონისძიების მსვლელობისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი კობახიძეს და საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს როინ მეტრეველს. გარდა ამისა, ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად საგანგებოდ შეიქმნა საფოსტო მარკა, რომელიც საჩუქრად გადაეცა ვახტანგ ყოლბაიას.

კონფერენციის დასასრულს ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ სტუმარს მობრძანებისთვის, რის შემდგომ ღონისძიება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში გაგრძელდა.

მსგავსი თემები